აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

ლაზების წმინდა ტყე

27 ნოემბერი, 2020


 სხვანაირად როგორ შეეძლო კლდიაშვილს მოქცეულიყო? საკუთარ ფესვებს, საკუთარ ერის ნაწილს- ლაზებს- როგორ შეაქცევდა ზურგს? როგორ არ გასწირავდა მათთვის თავს? მათთვის წმინდა ტყე, ცაცხვების კორომი, დავითისთვისაც წმინდა ტყე იქნებოდა და ხელშეუხებელი, შეუძლებელი იყო არ გამოსარჩლებოდა თვისტომთ. თუმცა მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. მაგრამ მანამდე მაინც ავღნიშნოთ:  დავით კლდიაშვილზე როგორც მწერალზე ბუნებრივია არაფერს ვიტყვი ახლა და ისედაც ვიცით ყველამ ამ გენიოსის შემოქმედების თავისებურებებიცა და მიღწევებიც, ისედავ ქამუშაძის გაჭირვება და სამანიშვილის დედინავცვალი გვაქვს არქეტიპებად ვეფხისტყაოსნისა არ იყოს; არც ბათუმში ჩასვლისთანავე მის მონაწილეობაზე  ვისაუბრებთ ადგილობრივ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში,  მის თანამშრომლობაზე ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, არც ვოლსკისთან და მესხთან ერთად ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში მის ღვაწლზე,- ეგ მეტწილად შესწავლილია და მის ბრწყინვალე  ავტობიოგრაფიულ წიგნშიც ჩემი ცხოვრების გზაზედიდებულადაა აღწერილი. ამ სტატიაში ჩვენ სწორედ იმ ეპიზოდზე, ჭანების გამოსარჩლებაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება: ეს ეპიზოდი კი მის სამხედრო მოღვაწეობის ხანას ეხება, რომელიც მაინც ჩრდილშია მოქცეული და დიდად ალბათ არც შეგვისწავლია, არადა გენიოსის ცხოვრება, ქართველი კლასიკოსის ცხოვრების ნებისმიერი ეპიზოდი ცალკე შესწავლასა და გაანალიზებას რომ მოითხოვს არავისგან გესწავლებათ. თუმცა, უშუალოდ სანამ იმ ეპიზოდს შევეხებით მაინც გავიხსენოთ ძირითადი მომენტები მისი ბიოგრაფიიდან:

ქართულ ვიკიპედიაში დავით კლდიაშვილზე არის ასეთი ინფორმაცია:

 

 ხელმოკლე სამსონ კლდიაშვილმა გადაწყვიტა 9 წლის დავითი გაეგზავნა სამხედრო სასწავლებელში1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. დავით კლდიაშვილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბათუმში გაატარა (1882-1908 წწ.). 1905-1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.

1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.

რუსული ინერნეტში ოდნავ განსხვავებულადაა ერთი ეპიზოდი, უფრო სწორედ ორი:

პირველი-  ყურადღებას ამახვილებენ იმაზე რომ „მისივე აღიარებით, მან ”ხელახლა შეისწავლა ქართული” (სამშობლოდან ხანგრძლივი მოშორების შემდეგ) !

და მეორე:

 „პირველ მსოფლიო ომში იგი სამსახურში დააბრუნეს და სამხედრო ოპერაციების კავკასიის თეატრში გაგზავნეს. იგი იბრძოდა თურქების წინააღმდეგ და პოდპოლკოვნიკის ხარისხში ავიდა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი დემობილიზებული იქნა და დაბრუნდა მშობლიურ სოფელში.„

მოკლედ რუსულ ვიკიპედიაში არაფერია ჭანების (ლაზების) გამოსარჩლებაზე.

ახლა კი ჩვენთვის საინტერესო ეპიზოდზე საუბარს შევუდგეთ, ოღონდ მოვჰყვეთ იმ დროიდან როდესაც დავითი პირველ მსოფლიო ომში გამოიძახეს. მწერალი აღნიშნავს რომ როგორც ჯერაც არაორმოცდათოტხმეტი წლისა გაიწვიეს და მიუხედავად ახლადნაავადმყოფარობისა ბუნებრივია  წავიდა ჯარში და გაანაწილეს სენაკში:


   

ჩავიდა სენაკში და როგორც მოსდგამდა წინაპართაგან მედგრად შეუდგა სამხედრო საქმეს, დრუჟინის მოწყობას. და აქ იწყება საინტერესო რამ, სრული არეულობა და ქაოსია ირგვლივ გამეფებული. ამას უკვე სამხედრო კაცი ვერ შეეგუებოდა:  აცნობებს დეპეშით სამხედრო მეთაურებს რა დაბდურობაცა გამართული სამხედრო უწყებაში და როგორ ეშლება ხელი დრუჟინის მოწყობის საქმეში. აფრთხილებენ რომ სასტიკი სასჯელი ელოდება ამ ურჩობისთვის, ყველასგან მოულოდნელად კი ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინეს და დაუკმაყოფილეს. 1915 წელი დგას. მოაწყობს თავის შენაერთს თავის საკადრისად და სწორედ  იმ დროს მოუსწრებს დიდებული აკაკის გარდაცვალების ამბავი, და მწერალიც გაჰყვება მატარებელს თბილისამდე  პოეტის გასაცილებლად და აქ იხსენებს საოცარ ამბავს; ვაგონში, თავს ვიყრით ერთად: ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ლასხიშვილი, კიტა აბაშიძე და კიდევ რამდენიმეო, და მთელი გზა ვთათბირიობდით შექმნილ სიტუაციაზე, პირველ მსოფლიო ომში საქართველოს  სარგებელზე თუ უნუგეშობაზე, მთელი ვაგონი გვისმენდა და „ეს იყო პირველი მშვიდობიანი თათბირი პარტიათა წარმომადგენლებისა მწცავე საკითხე - რა მოელის საქართველოს ომის შემდეგ, რისი იმედით და ვისი იმედით უნდა ყოფილიყო იგი“.

წარმოვიდგინოთ რა სჯა ბაასი იქნებოდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებისა და ალბათ სწორედ ეს მუხტი გამოყვა კლდიაშვილს როდესაც ლაზისტანში ქართული პოლიტიკის გატარებას ცდილობდა. 

დავით კლდიაშვილი ლაზისტანშიც დაუახლოვდა ადგილობრივ მოსახლეობას, ესაუბრებოდა მათ ისტორიაზე, საქართველოზე. მისივე ინიციატივით, თბილისიდან საქველმოქმედო საზოგადოებამ ლაზებში სამუშაოდ გაგზავნა კონსტანტინე კობახიძე. მალე იქვე გამოჩნდა ცნობილი ეროვნული მოღვაწე და მკვლევარი იოსებ ყიფშიძე. მამულიშვილთა ამ სამეულმა დიდი შრომა გასწია იქაური ლაზების გასათვითცნობიერებლად.[1]

ბუნებრივია იმპერიის ჯარში სწორედ ქართულ საქმეს და იდეალებს ელამუნებოდა მწერალი, სწორედ რუსული ჯარის ეს ქართული ოფიცრობა შეიქმნა შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარი ბურჯი და ვინ იცის „უსამშობლოთა“ იდეებს აყოლილ ქარაფშუტა ხელისუფლებას რომ არ შეეშალა ხელი შეენარჩუნებინა იქნებ კიდევაც ის თავისუფლება და ახლაც უფრო წელგამართული ვყოფილიყავით როგორც სახემწიფოებრიობის უფრო მეტი გამოცდილების მქონე ქვეყანა, მაგრამ ეს მართლაც შორს გაგვიტყუა სიტყვამ და ისევ „ყმასა წავყვეთ წამავალსა“, როგორც დიადი შოთა იტყოდა და დავუბრუნდეთ კლდიაშვილს ვაგონში აკაკის ცხედარს რომ მიაცილებს თბილისისკენ.

დაკრძალვიდან სენაკში დაბრუნებულს მიუვიდა ბრძანება გამგზავრებულიყო თავისი ნაწილით  ბათუმში გენერალ ლიახოვის განკარგულებაში და იქიდან ართვინისკენ. ორ დღეში კი ბორჩხაშია უკვე სადაც ჭოროხს გადმოღმა ჯარების შტაბი იყო და მას გენერალი მილერი განაგებდა, რომელმაც უბრძანათ ღამითვე გამგზავრებულიყვნენ დისლოკაციის ადგილას, რომელსაც არ დაემორჩილა კლდიაშვილი რადგან ეს გამოიწვევდა დიდ დანაკლისს. ამ გენერალმაო, ამბობს მწერალი, საომარო მოქმედებებისაგან ეს უკვე მოსახლეობისგან მიტოვებული მხარე   სრულიად იავარყო და გადაწვაო, ბათუმიდან ბორჩხამდე ზარბაზნებით ჩაიარაო, წერს.


მოგეხსენებათ ამ მოდამოებში ძირითადად ძირძველი ქართული მოსახლეობის საცხოვრისები იყო ალბათ, წარმოიდგინეთ რა განწყობა ექნებოდა გენერალზე მწერალს. 

ერთ კომიკურ სიტუაციასაც აღწერს  კლდიაშვილი, თუ როგორ ამასხარავებდნენ უფროსობას და ერთობიან:


 

როგორც ჩანს იმთავითვე არ ეჭაშნიკა თვისტომებზე გულშემატკივარი  კლდიაშვილი გენერალს და ლიახოვს მისი შენაერთის შემოწმება ჩაატარებინა მაგრამ ვერაფერი ვერ უპოვეს წუნი და გადარჩა მაგრამ მალე ორი მისი ჯარისკაცი ინჟინერთან მუშაობისას ხის ქვეშ მოჰყვა, ეს გამოიყენეს მიზეზად და თბილისში გამოისტუმრეს. ბუნებრივია ეს მხოლოდ მიზეზი იყო, მთავარი სწორედ მისი განწყობა გახლდათ ადგილობრივ ლაზ მოსახლეობასთან სიახლოვე, რომელიც არცერთი დამპყრობლის პოლიტიკაში არასოდეს არ ჯდებოდა და არც ჩაჯდება. თუმცა აქაც გაუმართლა კლდიაშვილს:

 

ასე რომ დიდხანს არ დატოვეს თბილისში, ლიახოვმა გამოიძახა და ბათუმი ტრაპინზონის ხაზზე პირონიტის კომენდანტად დანიშნა.


ერთხან კვლავ იავადმყოფა და კვლავ დაუბრუნდა შემდეგ სამსახურს. შეიძლება  ბევრი ციტატები მომყავს მაგრამ ამ ამბავს კლდიაშვილზე უკეთ ვერავინ გადმოსცემს და ამიტომაც მომიტევეთ, თან, ისედაც არ გვაწყენს მისი ნაწარმოების გახსენება:


 

აქ ავტორს რომ უსმენ, ისეა აღფრთოვანებული მაშინდელი მდგომარეობით ლაზეთში რომ შეუძლებელია უემოციოდ წაიკითხიო მისი მოგონებები, აქ ისეთი ქართულის მცოდნეებს შეხვდებით რომ გაოცდებითო:


მაგრამ ბუნებრივია მარტო მოსმენით არ შემოიფარგლებოდა  კლდიაშვილი, აშკარად მოჰყვებოდა მას იმ დღეს ვაგონშო გამართული თათბირის მუხტი, ის საქმის კაცი იყო, მარუშიძისეული სულის მემკვიდრე:

 

ამასობაში ყიფშიძე ჩამოვიდა პირონიტში და ახლა მასთან ერთად გააგრძელა წმინდა ქართული საქმე  ოფიცერმა;


 

ალბათ ასეთი ქართველების ძალისხმევის ნაყოფიც იყო თურქეთში ისეთი დიდებული მომღერალის შემოქმედება როგორიც  ქაზიმ ქოიუნჯუ იყო, შეუძლებელია კლდიაშვილის თავგამოდებას ნაყოფი არ მოეცა თუნდაც საუკუნის შემდეგ.

საკმად კარგად მიდიოდა თითქოს ყველაფერი მაგრამ სწორედ ამ დროს შეუდგნენ დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და ინჯინერი, პოლკოვნიკი ვერდერევსკი  ბათუმი-ტრაპინზონის რკინიგზის გაყვანას, ყოვლად უაზროდ, ზღვის გასწვრის ალესილი კლდეების კვალდაკვალ. გიჟების გეგმას უწოდებს მწერალი ამ სქამიანობას, უაზრო წამოწყებას, თუმცა მას სხვა სადარდელი უფრო ჰქონდა: ლაზების წმინდა წყე, ცაცხვების კორომი ზღვის პირას, სადაც მან სამხედროები ჩააყენა დაცვად არავინ გაჩეხოსო- რკინიგზას კი, ნიკოლოზის გეგმით  ზღვისპირას უნდა გაევლო სწორედაც:

 

წარმოიდგინეთ, ინჟინერი, პოლკოვნიკი ვერდერევსკი ამბობს გასჭერითო, გენერალი ლიახოვი გასცრის კბილებში გასჩეხეთო, დიდი მთავარი, იმპერატორის ძმა, ნიკოლოზი ბრძანებს აღგავეთო, ეს კიდევ, ქართველი მწერალი, ახლად ნაავადმყოფარი, ძლივს რომ გადაურჩა ერთხელ უაზრო ბრძანების არ შესრულებით სიკვდილს, ძლივს რომ გადაურჩა ზღვაში გერმანულ ტორპედოს[2], იჩემებს რომ ჯერ კლდეები, ის თვლაუწვდენელი კლდეები გაასწორეთ, ჯერ მთა და ბარი გაასწორეთ და მერე ვისაუბრიოთ ამ წმინდა ცაცხვის კორომზეო, განა გაგაჩეხინებთო, უბრალოდ ვისაუბროთო!

ცხადია რომ მანიით შეპყრობილი ინჟინერი, გენერალი და  დიდი მთავარი კლდიაშვილს ამ „დიადი“ ამოჩემებისას ლაზთა წმინდა ტყის, ცაცხვის ხეივნის დაცვას და იქ ჯარისკაცების ჩაყენებას არ შეარჩენდნენ.

ხო, აშკარად იკვეთება სახრჩობელა კი არადა ტრიბუნალი, რუსი სალდათების ხიშტიანი თოფების ზალპი და ალბათ ნიშნისმოგებით კბილებში გამოცრილი სიტყვები „დაიცავი ახლა ლაზების ტყეო!“

მაგრამ კიდევ ერთხელ გაუმართლა მწერალს, ცაცხვთა კორომს ვერა მაგრამ დეპოში ჩაჩიხულ ვაგონში მარტოობას ვეღარ გაუძლო ნიკოლოოზმა, მაინც უწია ბაგრატიონთა ტახტის გაუქმების, გაცამტვერების, ბაგრატიონ დედოფალთა და უფლისწულთა ამოძირკვის ცოდვამ და ჯერ გადადგა, შემდეგ კი მთელი ოჯახით  ამოიბუგა  კირში, ულიანოვის მიერ ამოთხრილ ვებერთელა ორმოში და ვეღარ მოასწრეს კიდევ ერთი ქართველი უფლის-წულის, დავით კლდიაშვილის  დახვრეტა. მაგრამ არას წერს ამაზე   მწერალი,  მოკლედ და მშრალად ამბობს, ამის შემდგომ პირონეტიდან წამოსული ქუთაისში ვიყავი რამოდენიმე დღეო, მეტს არაფერს!

ეს მემუარები საბჭოთა პერიოდში იწერებოდა და სავარაუდოდ მწერალი აშკარად არ ამხელს ბევრ რამეს, მითუმეტეს როცა ეს  მეფის რუსეთის  სამხედრო სამსახურში მის მოღვაწეობას ეხება, ვინძლო მის  ნაწერებსაც ვერ ეხსნათ ის და ვერც იმას რომ უკვე მხცოვანი გახლდათ.

ეს ყველაფერი ძირითადად  მისი ავრტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით მოვყევით, ახლა კი  ის საარქივო დოკუმენტი გვინდა  მოგაწოდოთ და რამდენიმე გაურკვეველ საკითხზე დაფიქრება გთხოვოთ:

როგორც ვნახეთ ორჯერ შერისხეს კლდიაშვილი: პირველად როცა თბილისში გამოაგზავნეს აქაოდა ორი ჯარისკაცი როგორ დაშავდა ინჯინერთან ტყის ჭრისასო და მეორედ ცაცხვების ტყის გამო 1917 წელს გამოუშვეს ქუთაისსი;

 რაც შეეხება დოკუმენტს, არქივში მიხაილოვსკის ციხესიმაგრის დოკუმენტებში  ვეძებდი დავითზე მასალებს და საბედნიეროდ სხვა საკითხზე მომუშავე დიმიტრი  სილაქაძე წააწყდა მანამდე და მახარა, აი შენ რომ ეძებ ისააო და მიმითითა უშურველად, რისთვისაც მადლობა მას:


მოკლდედ, ბრძანებაში მეორე  ნომრად, აღნიშნულია რომ პოლკოვნიკ კლდიაშვილს მიეცეს საყვედური (Выговор) შენაერთის  შემადგენლობის ცუდი მართვისა და  მათზე სათანადო მეთვალყურეობის ვერ გაწევისთვის (За слабый надзоръ за чинами дружины и за недосмотр по ведению хозяйства въ ней) . ბრძანება დათარიღებუულია 1915 წლის  20 ოქტომბრით. ალბათ სწორედ ამას  გულისხმობს მწერალი როდესაც მას ლიახოვმა უსაყვედურა სათანადო გავლენა არა აქვს  თავის ჯარისკაცებშიო, როდესაც კლდიაშვილმა ხნიერი ჯარისკაცების თხოვნა გადასცა მას, ხოლო შემდეგ  ორი ჯარისკაცის ინჟინერთან ხის ჭრისას დაშავების გამო თბილისში გამოისტუმრა. ეს ჩაუთვალეს კლდიაშვილს სისუსტეში, და შენართის ვერ მართვაში:

  

როგორც ვთქვით სწორედ  ამ დროს ამოუხოცეს მის შემცვლელს ლამის ნახევარი დრუჟინა და ღვთის ნებით გადარჩა კლდიაშვილი მაშინ. ლიახოვმა კი ის კვლავ უკან მიიხმო. მართლაც რომ „მაგრამ ღმერთი არ გასწირავს...“

რაც შეეხება უშუალოდ პირონეტის ამბავს სამწუხაროდ  საარქივო მასალები მის შესახებ ჯერჯეროვბით ვერ მოვიძიე, მაგრამ გვაქვს მწერლის ოქროსავით მონათხრობი, ღირსებიანი მწერლის უტყუარი მოგონებები,  მათ შორის ლაზების წმინდა ცაცხვების კორომზე.

ნეტავ ახლა თუა ის წმინდა ტყე პირონეტში, და ისევ თუ შრიალებენ ცაცხვები წმინდად?

 

 

 

ფრიდონ ქარდავა, საარქივო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი



[1] თემურ ვერულავა; https://burusi.wordpress.com/2010/01/30/david-kldiashvili-2/

[2] იხილეთ სტატია „როგორ გადაურჩა სიკვდილს კლდიაშვილი“ http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=1012057&gid=2&fbclid=IwAR0J27GALIGxtr3b0bbZqI7TdbdxHBDsZ8AT5LyEI2msoM6K99GyIZaxY8M#.X7d22M0zaUn

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

(+995) 577 261437 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები