აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით
17 დეკემბერი, 2020
ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის
მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ასაკის
ბავშვების დისტანციურ/ონლაინ სწავლებაში ეფექტური ჩართულობის საკითხი ციფრულ
ტექნოლოგიებთან შეზღუდული წვდომის გამო რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან ციფრული
ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული პროექტებისა, გაეროს ბავშვთა ფონდისა და
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალი ერთობლივი ანგარიშის მიხედვით,
საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების ნაწილს შეზღუდული აქვთ წვდომა ელექტრონულ ხელსაწყოებზე. აღნიშნული პრობლემა
განსაკუთრებით მწვავედ შეეხო სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სადაც 3 და მეტი შვილი
ჰყავთ და ერთდროულად რამოდენიმე მოსწავლეს უწევს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა.
მოცემულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ციფრული უთანასწორობის გადასაჭრელად,
რომელიც აბრკოლებს მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ, 100 000
და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე იმ ოჯახებს, რომლებშიც სკოლის ასაკის 3 ან მეტი
ბავშვია, საჩუქრად გადასცემს პლანშეტურ
კომპიუტერს (ტაბლეტი). ოჯახებისთვის პლანშეტური კომპიუტერების გადაცემა
ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჩართულობას დისტანციური სწავლების პროცესში, ასევე
ხელს შუწყობს განათლების თანაბარი
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
2021
წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად მობილიზებული იქნა 550 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც მითითებულ ოჯახებს გადაეცემათ
მაღალი ტექნიკური მახასიათებლების მქონე პლანშეტური კომპიუტერები.