მინისტრმა შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მოინახულა
19 თებერვალი, 2021
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი შუახევის მუნიციპალიტეტის ცინარეთისა და უჩამბის საჯარო სკოლებს ეწვია და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლაში დაბრუნება პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა -„ცინარეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ მოხდა პედაგოგების ხელახლა ტესტირება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა სწავლა განახლებულიყო სკოლის სივრცეში. მინდა მივულოცო სკოლის კოლექტივს და მოსწავლეებს სასკოლო გარემოში დაბრუნება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად ვაგრძელებთ ორკვირიანი შუალედებით საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგების მუდმივ ტესტირებას. ჯანდაცვის რეგულაციების დაცვითა და თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ სასწავლო პროცესის წარმართვას უსაფრთხო გარემოში“.
შეხვედრებისას მინისტრმა სკოლების დირექციას და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა დისტანციური სწავლების დროს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის. ასევე, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
დირექტორების ინფორმაციით სკოლები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და აქვთ შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარების მარაგი მთელი სასწავლო წლისთვის.
სკოლებში მოწესრიგებულია და გამართულია სველი წერტილები, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შესრულებულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.
იხილეთ გალერეა