აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

პირველი ვაქცინა და ამცრელი ბათუმში 132 წლის წინ

12 მარტი, 2021

საბედნიეროდ  პანდემია არ იყო მაშინ, 135 წლის წინ, საქართველოში, უფრო სწორედ სამყაროში, მაგრამ ვაქცინა აშკარად სჭირდებოდა  ბათუმს. ხმოსნები ამბობდნენ, ჩუტყვავილა დაძრწის და აუცილებელია აცრაო და საერთოდ,  ამ ჩვენს ქალაქს კი უნდა ყავდეს ერთი ვაქცინატორი, აცრების გაკეთება რომ შეეძლოს ისეთი ექთანი, აგე, ქუთაისს  ხომ ყავს რა ხანიაო? გუბერნატორმა კიდევ, მოგცლიათ ერთი, ხომ ყავს ბათუმს ერთი ფერშალი, კეთილი ინებოს და აკეთოს აცრებიო.

ამ დროს უკვე არსებობდა ბათუმში ოცსაწოლიანი, ერთსართულიანი საავადმყოფო, სადაც მუშაობდა კიდევაც ეს ფერშალი, ნურიეს უბანში, დიდი ალბათობით, გორგასლისა და მელიქიშვილის კვეთაზე მდებარე ყოფილი ვენდისპანსერის ადგილას. ამ სამკურნალოს, არქივის საცავებში დაცულ, მშვენიერ გეგმასაც აქვე გთავაზობთ:

არადა, საპოლიციო სამმართველომ 1886 წლის 9 მაისს მოიწონა ეგ აზრი, მშვენიერი იქნება ბათუმს  საკუთარი და საკუთრივ აცრის შემძლე ფერშალი ყავდესო. მაგრამ არაო გუბერნატორმა და არღარა იყო თავს ზემოთ ძალა. ეს ყველაფერი 1886 წელს ხდებოდა და იმავე წლის 23 თებერვალს,  ქუთაისის მცხოვრებ გარსევან დავითის ძე მუმლაძის საქალაქო ვაქცინატორად დანიშვნის შესახებ თხოვნას მოჰყვა. უნდა ითქვას, რომ თვითმარქვიასაც არ გავდა ეს მუმლაძე, მოწმობა წარუდგინა საპოლიციო სამმართველოს, რომლის მიხედვითაც მას აცრების ჩატარების უფლება ჯერ კიდევ 1865 წლის 25 თებერვლიდან ჰქონდა მინიჭებული ქუთაისის ყოფილი საგუბერნიო ექიმის მიერ.

არაო გუბერნატორმა ბატონო, მაგრამ საკმაოდ ჯიუტი საპოლიციო სამმართველო იყო მაშინ, ეტყობა, ბათუმში და 1887 წელს ისევ მიმართა გუბერნატორს, სულ რაღაც 150 რუბლი დაჯდება ეს ამბავი წელიწადშიო, მაგრამ გუბერნატორმა,  ვის უბედავთ თქვენ ასე ჩაჟინებასაო და კვლავ არაო (ქვემოთ იხილეთ  ქართულად თარგმნილი დოკუმენტი; ფონდი ი-7; აღწერა-1; საქმე- 30; ფურცელი 24-26 ).

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ არ უნდა ყოლოდა ბათუმს საკუთარი ამცრელი, მაგრამ  არ იყო ბათუმი ასე მორჩილი და თავჩაღუნული სიტყვაუთქმელად რომ დასთანხმებოდა თუნდაც თვით მის ბრწყინვალება  გუბერნატორს და ამჯერად ქალაქის გამგეობამ (მერია) ქალაქის სათათბიროს (საკრებულოს) მიმართა. სათათბირომ კიდევ არათუ ვაქცინატორია საჭირო,  კარგი ხარისხიც ლიმფაც უნდა შევიძინოთ ვაქცინისთვისო. ღატაკთათვის გამოყოფილი თანხებიდან დავფაროთ ვაქცინატორის ხელფასი და ლიმფის თანხაცო: 

„რეზოლუცია

ბათუმის საქალაქო სათათბირო 13 ხმოსნის შემადგენლობით, 1889 წლის 30 იანვრის სხდომაზე მოისმინა ქალაქის მმართველობის მოხსენება ბათუმში ვაქცინატორის თანამდებობის დამტკიცების შესახებ. დაადგინა: დამტკიცებულ იქნას გამგეობის მოხსენება, და ამისთან ერთად განსაზღვრა, გამოიყოს 120 რუბლი წელიწადში ლიმფის შესაძენად.

ქალაქისთავის მოვალეობის შემსრულებელი.

კ.გავრონსკი.“

 

მაშ ასე, გავიგონოთ და არ დავივიწყოთ, ბათუმ საკუთარი ამცრელი ჰყავდა 1889 წლის 30 იანვრიდან, ფერშალი, ბატონი გარსევან დავითის ძე მუმლაძე.

(ფოტო ვიკიპ. ერნესტ ბორდი: დოქტორი ჯენერი ატარებს პირველ აცრას  https://ru.wikipedia.org/wiki/ )

ტატია მოამზადა საარქივო სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ფრიდონ ქარდავამ;

დოკუმენტები მოიძიეს და მოამზადეს  უფროსმა სპეციალისტებმა, ნინო გოგიტიძემ და მზია სურმანიძემ

 დანართი

დოკუმენტი: ფონდი ი-7; აღწერა-1; საქმე- 30; ფურცელი 24-26

„ქალაქის მმართველობის სხდომის ოქმი,    30. 01. 1889 წ. 

         ქალაქის მმართველობის მოხსენება ქალაქ ბათუმში ვაქცინატორის თანამდებობის შემოღების შესახებ. 

       ბათუმის საპოლიციო სამმართველოში ჯერ კიდევ 1886 წლის 23 თებერვალს შევიდა ქუთაისის მცხოვრებ გარსევან დავითის ძე მუმლაძის თხოვნა საქალაქო ვაქცინატორად დანიშვნის შესახებ. ამასთანავე მუმლაძის მიერ წარდგენილ იქნა მოწმობა, რომლის მიხედვითაც მას ქონდა უფლება აცრების ჩატარების. მოწმობა გაცემული იყო ქუთაისის ყოფილი საგუბერნიო ექიმის მიერ, 25 თებერვალი 1865 წელი.

საპოლიციო სამმართველოს 1886 წლის 9 მაისის სხდომაზე განიხილეს  რა მუმლაძის  თხოვნა, თავის მხრივ დასძინეს, რომ მიზანშეწონილი და უკიდურესად აუცილებელია დამტკიცდეს ბათუმში ვაქცინატორის თანამდებობა. იმავე წლის 15 მაისის მოხსენებიდან ჩანს, რომ თხოვნით მიმართეს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს დაენიშნა გარსევან მუმლაძე ზემოთხსენებულ თანამდებობაზე და განესაზღვრათ ხელფასი 150 რუბლის ოდენობით წელიწადში. რაზეც მისმა აღმატებულებამ არ ისურვა დათანხმება და მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ ბათუმში იყო საქალაქო  ექთანი (ფელდშერი), რომელსაც უნდა დავალებოდა აცრების ჩატარება.                                

1887  წლის 3 დეკემბრის დადგენილებით საპოლიციო სამმართველომ ხელახლა აღძრა შუამდგომლობა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის წინაშე, ქალაქში  მუდმივი   ვაქცინატორის დანიშვნის შესახებ, რაზეც გუბერნატორმა თანხმობა არ მისცა.

გამომდინარე იქედან რომ, ჯერ ერთი, ქალაქში იგრძნობოდა აუცილებლობა ჩუტყვავილასაგან დასაცავი აცრების ჩატარებისა, რადგან  უკვე დაფიქსირდა აღნიშნული დაავადება და მეორე- საქალაქო ექთანი, რომელსაც სამხედრო გუბერნატორმა თავის მოვალეობებთან ერთად დაავალა აცრების ჩატარებაც, სურვილის მიუხედავად მოკლებული იყო  შესაძლებლობას შეეთავსებინა ვაქცინატორის ფუნქცია.  ქალაქის მმართველობა ფიქრობდა სათათბიროში  განსახილველად შეეტანა საკითხი დამოუკიდებელი ვაქცინატორ-ამცრელის თანამდებობის შემოღების შესახებ, მითუმეტეს, რომ ეს არ იყო დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმშიც ხელფასი შეიძლებოდა განსაზღვრულიყო 150 რუბლის ოდენობით წელიწადში, ეს თანხა შესაძლებელი იყო გამოყოფილიყო ღატაკთა სამკურნალო ფონდიდან, რომელიც უკვე დამტკიცებული იყო 1889 წლისათვის. 

ხმოსანი სევერინი არა მხოლოდ დაეთანხმა ვაქცინატორის თანამდებობის შემოღების აუცილებლობას, არამედ ამასთანავე მოითხოვა მხედველობაში მიეღოთ ჩუტყვავილას წინააღმეგ აცრები ყოფილიყო რაციონალური, რისთვისაც აუცილებელი იყო ჯანმრთელი  და კარგი ლიმფის შეძენა, გამოწერა პირდაპირ ოდესიდან, რაზეც მისი აზრით დაიხარჯებოდა წელიწადში 120 რუბლი, ეს თანხა ასიგნირებული უნდა ყოფილიყო საქალაქო მმართველობის განკარგულებით, განსაკუთრებით ლიმფის შესაძენად.  

მოისმინეს რა წინადადება დაადგინეს:  დაკმაყოფილდეს ქალაქის მმართველობის  მოხსენება და გამოიყოს 120 რუბლი დამატებით ლიმფის შესაძენად 1889 წ. “



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

(+995) 422 22 48 15 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები