საქართველოს კონსტიტუცია
27 თებერვალი, 2014
საქართველოს
კონსტიტუცია (13.10.2018. №1324)
ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური
თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა
და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე
დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
თავი პირველი.
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
სახელმწიფო სუვერენიტეტი
1. საქართველო არის დამოუკიდებელი,
ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ
ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.
2. საქართველოს სახელმწიფოს
ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა
და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრის
შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.
მუხლი 2. სახელმწიფო სიმბოლოები
1. საქართველოს სახელმწიფოს
სახელწოდებაა „საქართველო“.
2. საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი.
3. საქართველოს სახელმწიფო
ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო
ენა დაცულია ორგანული კანონით.
4. საქართველოს სახელმწიფო
დროშა, გერბი და ჰიმნი დადგენილია ორგანული კანონით, რომელიც გადაისინჯება კონსტიტუციის
გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით.
მუხლი
3. დემოკრატია
1. საქართველო არის დემოკრატიული
რესპუბლიკა.
2. სახელმწიფო ხელისუფლების
წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა
და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით.
3. არავის აქვს უფლება მიითვისოს
ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის
კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია.
4. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ
ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების
საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული
დემოკრატიის პრინციპებს.
მუხლი
4. სამართლებრივი სახელმწიფო
1. საქართველო არის სამართლებრივი
სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ცნობს და იცავს
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს
ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული
არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია
არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც
აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
3. სახელმწიფო ხელისუფლება
ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.
4. სახელმწიფო ხელისუფლება
ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია
სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა
და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.
5. საქართველოს კანონმდებლობა
შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი
ნორმატიული აქტის მიმართ.
მუხლი
5. სოციალური სახელმწიფო
1. საქართველო არის სოციალური
სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში
სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების
განმტკიცებაზე.
3. სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე. მაღალმთიანი
რეგიონების განვითარებისათვის კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს.
4. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის
ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით
უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.
საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.
5. სახელმწიფო ზრუნავს გარემოს
დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე.
6. სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული
ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა
და კულტურის განვითარებაზე.
7. სახელმწიფო ზრუნავს სპორტის
განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების
ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე.
8. სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
მუხლი 6. ეკონომიკური თავისუფლება
1. ეკონომიკური თავისუფლება
აღიარებული და უზრუნველყოფილია.
2. სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი
და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.
3. დაუშვებელია კერძო საკუთრების
საყოველთაო უფლების გაუქმება.
მუხლი
7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები
1. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო
ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
ა) კანონმდებლობა ადამიანის
უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან
გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;
ბ) სისხლის სამართლის, სასჯელაღსრულების,
სამოქალაქო სამართლის, ინტელექტუალური საკუთრების, ადმინისტრაციული სამართლის, შრომის
სამართლის, საპროცესო კანონმდებლობა; მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების
კანონმდებლობა; ფარმაცევტული საშუალებების კანონმდებლობა; კანონმდებლობა საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსის მოპოვების, აკრედიტაციისა და აკადემიური ხარისხების შესახებ;
კანონმდებლობა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ;
გ) საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო
ურთიერთობები; საგარეო ვაჭრობა, საბაჟო და სატარიფო რეჟიმები;
დ) სახელმწიფოს თავდაცვა, სამხედრო
მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა; ომისა და ზავის საკითხები; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა
სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და შემოღება; შეიარაღებული ძალები; სასამართლოები და
პროკურატურა; სახელმწიფო უსაფრთხოება; კრიმინალური პოლიცია და გამოძიება; სახელმწიფო
საზღვრის სტატუსი, რეჟიმი და დაცვა; სასაზღვრო-სანიტარიული კორდონი;
ე) სახელმწიფო ფინანსები და
სახელმწიფო სესხი; ფულის მოჭრა და ემისია; საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო, საგადასახადო
და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაჭრობის კანონმდებლობა;
ვ) სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
რკინიგზა და საავტომობილო გზები; ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი; კავშირგაბმულობა;
ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფის, განსაკუთრებული ეკონომიკური
ზონის სტატუსები და მათი დაცვა; ავიაცია; სავაჭრო ფლოტი; გემთა ალმები; სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ნავსადგურები; თევზჭერა ოკეანესა და ღია ზღვაში; მეტეოროლოგია; გარემოს
მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა; სტანდარტები და ეტალონები; გეოდეზია და კარტოგრაფია;
ზუსტი დროის დადგენა; სახელმწიფო სტატისტიკა.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება
საქართველოს კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი
ნაწილია.
3. საქართველოს ტერიტორიული
სახელმწიფოებრივი მოწყობა გადაისინჯება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, უფლებამოსილებათა
გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის
სრულად აღდგენის შემდეგ.
4. საქართველოს მოქალაქეები
ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი
ერთეულების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. სახელმწიფო
უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობას ორგანული კანონით
განსაზღვრულ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებთან.
5. ორგანული კანონით ანაკლიაში
იქმნება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, სადაც ვრცელდება სპეციალური სამართლებრივი
რეჟიმი. ორგანული კანონით შეიძლება შეიქმნას ასევე სხვა განსაკუთრებული ეკონომიკური
ზონები სპეციალური სამართლებრივი რეჟიმით.
მუხლი 8. სახელმწიფოსა და საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა
რწმენისა და აღმსარებლობის
თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა
შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.
თავი მეორე.
ადამიანის ძირითადი უფლებები
მუხლი 9. ადამიანის ღირსების
ხელშეუვალობა
1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია
და მას იცავს სახელმწიფო.
2. დაუშვებელია ადამიანის წამება,
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის
გამოყენება.
მუხლი 10. სიცოცხლისა და ფიზიკური
ხელშეუხებლობის უფლებები
1. ადამიანის სიცოცხლე დაცულია.
სიკვდილით დასჯა აკრძალულია.
2. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა
დაცულია.
მუხლი 11. თანასწორობის უფლება
1. ყველა ადამიანი სამართლის
წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის,
ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური
კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის
მიხედვით.
2. საერთაშორისო სამართლის
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა,
უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი
კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს
თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს
განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად
და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ
პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
მუხლი
12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება
ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების
უფლება.
მუხლი
13. ადამიანის თავისუფლება
1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.
2. თავისუფლების აღკვეთის ან
თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
3. ადამიანის დაკავება დასაშვებია
კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი
უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო
24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების
სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
4. პირს დაკავებისთანავე უნდა
განემარტოს მისი უფლებები და დაკავების საფუძველი. პირს დაკავებისთანავე შეუძლია მოითხოვოს
ადვოკატის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ბრალდებულის პატიმრობის
ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
6. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა
ისჯება კანონით. უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
მუხლი
14. მიმოსვლის თავისუფლება
1. ყველას, ვინც კანონიერად
იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი
ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება.
2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია
მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების
მიზნით.
3. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია
თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.
მუხლი 15. პირადი და ოჯახური
ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები
1. ადამიანის პირადი და ოჯახური
ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად,
დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის
ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
2. ადამიანის პირადი სივრცე
და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში
მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა
დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო
ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით,
სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი
აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს
24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან
არაუგვიანეს 24 საათისა.
მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა
და სინდისის თავისუფლებები
1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის,
აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია
მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
3. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო,
აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
მუხლი
17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების
უფლებები
1. აზრისა და მისი გამოხატვის
თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.
2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება
თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი
ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
4. ყველას აქვს ინტერნეტზე
წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.
5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია
მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად,
კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
6. კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი
მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და
არსებითი კომერციული გავლენისაგან.
7. მედიაპლურალიზმის დაცვის,
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი
ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად,
აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა
უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური
დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.
მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული
წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და
საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები
1. ყველას აქვს ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის
უფლება.
2. ყველას აქვს უფლება კანონით
დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას
ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ
საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი
წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
3. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული
ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა
პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის
გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო
ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის
ან სხვათა უფლებების დასაცავად.
4. ყველასთვის გარანტირებულია
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან
ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება
შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის
სახსრებიდან.
მუხლი
19. საკუთრების უფლება
1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის
უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
2. საჯარო ინტერესებისათვის
დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი
აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება
ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის
რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის
ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება
დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ
ორი მესამედის უმრავლესობით.
მუხლი
20. შემოქმედების თავისუფლება, კულტურული მემკვიდრეობა
1. შემოქმედების თავისუფლება
უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.
2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა,
შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
3. შემოქმედებითი ნაწარმოების
გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების
გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.
4. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული
მემკვიდრეობა დაცულია კანონით.
მუხლი
21. შეკრების თავისუფლება
1. ყველას, გარდა იმ პირებისა,
რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე
პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და
უიარაღოდ შეკრების უფლება.
2. კანონით შეიძლება დაწესდეს
ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის
სამოძრაო ადგილას იმართება.
3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების
შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
მუხლი 22. გაერთიანების თავისუფლება
1. გაერთიანების თავისუფლება
უზრუნველყოფილია.
2. გაერთიანების ლიკვიდაცია
შეიძლება მხოლოდ ამავე გაერთიანების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი 23. პოლიტიკური პარტიების
თავისუფლება
1. საქართველოს მოქალაქეებს
უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა
მიიღონ მის საქმიანობაში.
2. პირს, რომელიც ჩაირიცხება
თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი
ორგანოს შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა.
3. დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური
პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების
დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის
დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ,
კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული
ნიშნით.
4. პოლიტიკური პარტიის აკრძალვა
შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი
24. საარჩევნო უფლება
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს
18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის
ნების თავისუფალი გამოვლენა.
2. არჩევნებსა და რეფერენდუმში
მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს
გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ
სამედიცინო დაწესებულებაში.
მუხლი 25. საჯარო თანამდებობის
დაკავების უფლება
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს
აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
2. საქართველოს პრეზიდენტის,
პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს
მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.
მუხლი
26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება
და მეწარმეობის თავისუფლება
1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია.
ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე
და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
2. ყველას აქვს ორგანული კანონის
შესაბამისად პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება.
3. გაფიცვის უფლება აღიარებულია.
ამ უფლების განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
4. მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა,
გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
მუხლი 27. განათლების უფლება
და აკადემიური თავისუფლება
1. ყველას აქვს განათლების
მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება
უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს
უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და
უმაღლესი განათლება.
3. აკადემიური თავისუფლება
და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.
მუხლი
28. ჯანმრთელობის დაცვის უფლება
1. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ
და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით.
2. სახელმწიფო აკონტროლებს
ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არეგულირებს
ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას.
მუხლი
29. გარემოს დაცვის უფლება
1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს
ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.
ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.
ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.
2. ახლანდელი და მომავალი თაობების
ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა
უზრუნველყოფილია კანონით.
მუხლი
30. ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები
1. ქორწინება, როგორც ქალისა
და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა
და ნებაყოფლობას.
2. დედათა და ბავშვთა უფლებები
დაცულია კანონით.
მუხლი
31. საპროცესო უფლებები
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება
თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის
უფლება უზრუნველყოფილია.
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს
მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
3. დაცვის უფლება გარანტირებულია.
ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით,
აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების
შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.
4. ბრალდებულს უფლება აქვს
მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ
ბრალდების მოწმეებს.
5. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება,
ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში
შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
6. არავინ არის ვალდებული ამტკიცოს
თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
7. დადგენილება ბრალდებულის
სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს,
ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ
დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
8. არავის დაედება განმეორებით
მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
9. არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის,
რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს
ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
10. კანონის დარღვევით მოპოვებულ
მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
11. არავინ არის ვალდებული
მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით.
მუხლი
32. საქართველოს მოქალაქეობა
1. საქართველო მფარველობს თავის
მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა.
2. საქართველოს მოქალაქეობა
მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის
წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები
და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები
განისაზღვრება ორგანული კანონით. (ამოქმედდეს 2018 წლის 2 აპრილიდან)
3. მოქალაქეობის ჩამორთმევა
დაუშვებელია.
4. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის
გაძევება დაუშვებელია.
5. საქართველოს მოქალაქის სხვა
სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 33. უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა უფლებები
1. საქართველოში მცხოვრებ სხვა
სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი
უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. სახელმწიფო უფლებამოსილია
კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური
საქმიანობის შეზღუდვა.
3. საერთაშორისო სამართლის
საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო
თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
4. დაუშვებელია საერთაშორისო
სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან
გაძევება ან ექსტრადიცია.
მუხლი 34. ადამიანის ძირითადი
უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები
1. კონსტიტუციაში მითითებული
ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ
პირებზე.
2. ადამიანის ძირითადი უფლებების
განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები.
3. ადამიანის ძირითადი უფლების
შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც
იგი ემსახურება.
მუხლი 35. საქართველოს სახალხო
დამცველი
1. საქართველოს ტერიტორიაზე
ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც
6 წლის ვადით სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.
2. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის
დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.
3. სახალხო დამცველის დაკავება
ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა
შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა,
რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, სახალხო
დამცველი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
4. სახალხო დამცველის უფლებამოსილება
განისაზღვრება ორგანული კანონით.
თავი მესამე.
საქართველოს პარლამენტი
მუხლი 36. პარლამენტის სტატუსი
და უფლებამოსილება
1. საქართველოს პარლამენტი
არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო
ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს,
კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს
სხვა უფლებამოსილებებს.
2. პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, რომელსაც
პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სრული
შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი. რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას
ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 37. პარლამენტის არჩევნები
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება
ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით
არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს
პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა
და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული პირობის შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი
და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან
მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.
3. პარლამენტის მორიგი არჩევნები
ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო
შაბათს. პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში არჩევნები ტარდება პარლამენტის დათხოვნიდან
არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო
ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს
45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.
4. პარლამენტის წევრად შეიძლება
აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში
უცხოვრია 10 წელს მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს
განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
5. პარლამენტის არჩევნებში
მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას,
რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის
ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ
25000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
6. პარლამენტის წევრთა მანდატები
განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი
ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის
დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ
პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა
ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური
პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული
მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით
მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.
7. პარლამენტის არჩევის წესი
განისაზღვრება ორგანული კანონით.
მუხლი 38. პარლამენტის პირველი
სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა
ახალარჩეული პარლამენტის პირველი
სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს
მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე
უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის
უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის
პარლამენტს.
მუხლი
39. საქართველოს პარლამენტის წევრი
1. საქართველოს პარლამენტის
წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და
მისი გაწვევა დაუშვებელია.
2. პარლამენტის წევრის დაკავება
ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა
შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების
შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში
არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ
უნდა გათავისუფლდეს.
3. პარლამენტის წევრს უფლება
აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს.
დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება ან ამოღება.
ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
პარლამენტის წევრს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თავისი მოვალეობის
შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის. უზრუნველყოფილია
პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. პარლამენტის
წევრი იღებს საკანონმდებლო აქტით დადგენილ გასამრჯელოს. პარლამენტის წევრის განცხადების
საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება
კანონით.
4. პარლამენტის წევრს უფლება
არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. პარლამენტის წევრი
შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა
არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. შეუთავსებლობის შემთხვევებს
განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი.
5. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება
შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება
ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:
ა) პარლამენტს მიმართავს პირადი
განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ
თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
გ) მორიგი სესიის განმავლობაში
არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;
დ) კანონიერ ძალაში შესული
სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით
ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში,
სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ვ) გარდაიცვალა;
ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;
თ) ექვემდებარება უფლებამოსილების
შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მუხლი
40. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები
1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების
ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით
ირჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე უძღვება პარლამენტის
მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ
აქტებს, ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტის თავმჯდომარე
რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის სასახლეში.
2. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების
ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს.
მუხლი
41. პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები
1. პარლამენტის მუშაობის ორგანიზებისათვის
იქმნება პარლამენტის ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე,
თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები.
2. საკანონმდებლო საკითხების
წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის
მიერ მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის
კონტროლის მიზნით პარლამენტში იქმნება კომიტეტები.
3. პარლამენტის წევრები შეიძლება
გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქციის წევრთა
რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ
პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნისა
და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.
მუხლი
42. პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები
1. რეგლამენტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით პარლამენტში
იქმნება საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები.
2. დროებითი კომისიის შექმნის
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით. გადაწყვეტილება
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის
ერთი მესამედის მხარდაჭერით. დროებით კომისიაში საპარლამენტო ფრაქციები წარმოდგენილი
უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც. დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა
იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
3. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით
მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა
და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.
მუხლი
43. პარლამენტის წევრის კითხვა და ინტერპელაცია
1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია
კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის
წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას.
პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.
2. საპარლამენტო ფრაქციას,
პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით
მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს,
რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე. პასუხი შეიძლება
გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.
მუხლი
44. პარლამენტის სესია და სხდომა
1. პარლამენტი თავისი უფლებით
იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ
სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება
თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.
2. საქართველოს პრეზიდენტი
პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის
მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი
სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან
48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად
იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ
ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
3. საქართველოს პრეზიდენტის
მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი იკრიბება საგანგებო
სესიაზე. საგანგებო სესია გრძელდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე.
4. პარლამენტის სხდომები საჯაროა.
პარლამენტი დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა,
იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომის ან სხდომის ნაწილის
დახურულად გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის
შესახებ განიხილება და მიიღება დახურული წესით. პარლამენტის ღია სხდომის ოქმი საჯაროა.
5. პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა
არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა კონსტიტუციით ან კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
6. მთავრობის წევრი, პარლამენტის
წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს
ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − ვალდებულია დაესწროს პარლამენტის,
მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს
და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე
უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა ან კომისიამ.
მუხლი
45. კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი
1. საკანონმდებლო ინიციატივის
უფლება აქვთ: მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს,
არანაკლებ 25000 ამომრჩეველს. მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მისივე მოთხოვნით
პარლამენტი განიხილავს რიგგარეშე.
2. კანონი მიღებულად ითვლება,
თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის
ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონის მიღების სხვა წესი.
ორგანული კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული ორგანული კანონის მიღების სხვა
წესი.
3. პარლამენტის სხვა გადაწყვეტილება
მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით ან კანონით არ არის
განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების სხვა წესი. გადაწყვეტილება კონსტიტუციური შეთანხმების
დამტკიცების შესახებ მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ სამი მეხუთედი.
მუხლი
46. კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება
1. პარლამენტის მიერ მიღებული
კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.
2. საქართველოს პრეზიდენტი
2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს
პარლამენტს.
3. თუ საქართველოს პრეზიდენტი
დააბრუნებს კანონს, პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა
მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონის პირვანდელი მიღებისათვის
არის დადგენილი. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში
გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს
მას.
4. თუ პარლამენტმა არ მიიღო
საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. ორგანული
კანონი ან კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა, გარდა კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანული
კანონისა, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა
საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.
5. კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო სრული შემადგენლობის
არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს
გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე.
6. თუ საქართველოს პრეზიდენტმა
ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი და არც მოტივირებული
შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს ან ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 პუნქტით დადგენილ
ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და
აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
7. კანონი ძალაში შედის ოფიციალურ
ორგანოში მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ იმავე კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
მუხლი
47. საერთაშორისო ხელშეკრულებები
1. პარლამენტი სრული შემადგენლობის
უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებას
და გაუქმებას. პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას ახორციელებს
სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით.
2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების
გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო
ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელიც:
ა) ითვალისწინებს საერთაშორისო
ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;
ბ) სამხედრო ხასიათისაა;
გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ
მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას;
დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს
მიერ სესხის აღებასთან ან გაცემასთან;
ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი
კანონების მიღებას.
3. პარლამენტს უნდა გადაეცეს
სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები.
4. საკონსტიტუციო სასამართლოში
კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შეტანის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი
საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
გამოტანამდე.
მუხლი 48. იმპიჩმენტი
1. კონსტიტუციის დარღვევის
ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის
წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის
ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის
აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი
გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას
წარუდგენს ერთი თვის ვადაში.
2. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ
თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის
ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის
ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების
საკითხს.
3. საქართველოს პრეზიდენტი
იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას
მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. მთავრობის
წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი
ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება,
თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
4. თუ პარლამენტმა ამ მუხლის
მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის
წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის
დაწყება დაუშვებელია.
5. ამ მუხლში ჩამოთვლილ თანამდებობის
პირთა თანამდებობიდან გადაყენება, გარდა მთავრობის წევრისა, შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის
წესით.
6. დაუშვებელია საქართველოს
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის
დროს.
თავი მეოთხე. საქართველოს პრეზიდენტი
მუხლი 49. საქართველოს პრეზიდენტის
სტატუსი
1. საქართველოს პრეზიდენტი
არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის
გარანტი.
2. საქართველოს პრეზიდენტი
არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
3. საქართველოს პრეზიდენტი
წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
მუხლი 50. საქართველოს პრეზიდენტის
არჩევის წესი
1. საქართველოს პრეზიდენტს
5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე
პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
2. საქართველოს პრეზიდენტად
შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც
საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც.
3. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში
შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის
სხვა წევრებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი
პოლიტიკური პარტიები. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის
პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების
შედეგების პროპორციის მიხედვით. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისია.
4. საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის
უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30
წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის
წარდგენას. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს უფლება
აქვს ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება
კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს
მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება
პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება
კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად
ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი
არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.
5. საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები იმართება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული
წლის ოქტომბერში. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში.
თუ არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები იმართება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტის
არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.
6. საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი, გარდა ხელახალი არჩევნებისა, რომელსაც ნიშნავს პარლამენტის
თავმჯდომარე.
7. საქართველოს პრეზიდენტის
არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
მუხლი 51. საქართველოს პრეზიდენტის
ფიცი, უფლებამოსილების შეწყვეტა, იმუნიტეტი, შეუთავსებლობა და უფლებამონაცვლეობა
1. თანამდებობის დაკავების
წინ, არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი მიმართავს
ხალხს და დებს ფიცს: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ,
რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას,
კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა
უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.
2. საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილება წყდება და საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება იწყება
საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
3. საქართველოს პრეზიდენტი
ხელშეუვალია. თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემა.
4. საქართველოს პრეზიდენტს
უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს
ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე სხვა საქმიანობისათვის. საქართველოს
პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.
5. საქართველოს პრეზიდენტის
მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 52. საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილებები
1. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) მთავრობის თანხმობით ახორციელებს
წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს
სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს,
იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური
წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს
ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს
სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ
ეკლესიასთან;
გ) კონსტიტუციითა და ორგანული
კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
არჩევნებს;
დ) მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს; ნიშნავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა
და წევრების თანამდებობაზე განწესებაში; მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად
წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;
ე) ორგანული კანონით დადგენილი
წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს;
ვ) შეიწყალებს მსჯავრდებულებს;
ზ) კანონით დადგენილი წესით
ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო
წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს;
თ) უფლებამოსილია მთავრობის
წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი
ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის
სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური
უფლებამოსილებების განხორციელებას;
ი) ახორციელებს კონსტიტუციით
განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს პრეზიდენტი
უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს
რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის
მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად
ან გასაუქმებლად, ამნისტიის ან შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების
ან დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის
ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან
დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
3. საქართველოს პრეზიდენტი
უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას
ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
მუხლი 53. თანახელმოწერა
1. საქართველოს პრეზიდენტის
სამართლებრივი აქტი საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას. სამართლებრივი აქტი,
რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ
თანახელმოწერის შემდეგ. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა
ეკისრება მთავრობას.
2. თანახელმოწერას არ საჭიროებს
საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც უკავშირდება:
ა) პარლამენტის არჩევნების
დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას;
ბ) კონსტიტუციური შეთანხმების
დადებას;
გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას,
პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას;
დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა
და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული
ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;
ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და
პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;
ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას;
ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის
მიმართვას;
ი) საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.
თავი მეხუთე.
საქართველოს მთავრობა
მუხლი 54. მთავრობა
1. საქართველოს მთავრობა არის
აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო
და საგარეო პოლიტიკას.
2. მთავრობა ანგარიშვალდებული
და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.
3. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა
და მინისტრებისაგან.
4. სამინისტრო იქმნება მთავრობის
უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების
უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი.
5. მთავრობის შემადგენლობაში
შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა
შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების
შესასრულებლად.
6. მთავრობის წევრს უფლება
არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას,
იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.
7. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია
დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები. სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება განისაზღვრება
კანონით.
8. მთავრობის სტრუქტურა და
საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, რომლის პროექტს პარლამენტს წარუდგენს მთავრობა.
მუხლი 55. საქართველოს პრემიერ-მინისტრი
1. მთავრობის მეთაურია საქართველოს
პრემიერ-მინისტრი.
2. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს
მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას,
ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის
სამართლებრივ აქტებს.
3. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს
საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს
სახელით.
4. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს
მინისტრებს. იგი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან
რამდენიმე მინისტრს − ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
5. პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის
ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით
− სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.
მუხლი 56. ნდობის გამოცხადება
1. ახალარჩეული პარლამენტის
მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის
წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში
პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი
უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის
შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
2. პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების
მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად
შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის
მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ
მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
3. თუ პარლამენტმა მთავრობას
დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან
არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის
რიგგარეშე არჩევნებს.
4. საქართველოს პრეზიდენტი
არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის
უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის
მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
5. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან
2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან
2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს
პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.
მუხლი 57. უნდობლობის გამოცხადება
1. პარლამენტი უფლებამოსილია
უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.
2. უნდობლობის საკითხის აღძვრის
უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. უნდობლობის საკითხის
აღძვრასთან ერთად ინიციატორები წამოაყენებენ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერმინისტრობის
კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მთავრობის შემადგენლობასთან
ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
3. თუ პარლამენტი საკითხის
აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას
გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება. ახალი მთავრობისთვის
ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს
პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი
დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება
უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.
4. თუ პარლამენტი უნდობლობის
საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის
იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.
მუხლი 58. ნდობის გამოცხადება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის
წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი.
2. ნდობის საკითხს კენჭი ეყრება
მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა. თუ პარლამენტი ნდობას არ
გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი ნდობის არგამოცხადებიდან არაუადრეს
მე-8 და არაუგვიანეს მე-14 დღისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე
არჩევნებს.
3. საქართველოს პრეზიდენტი
არ დაითხოვს პარლამენტს, თუ პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის
ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის
ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ
მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე
დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი
დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება
უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.
თავი მეექვსე.
სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა