სასტუმრო რედისონში ბიზნეს ფორუმი გაიმართა
10 დეკემბერი, 2021
სასტუმრო რედისონში, "საგადასახადო უპირატესობები და საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში“- ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გახსნა. მინისტრმა აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ბიზნეს ფორუმზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ ყურადღება გაამახვილა აჭარის პოტენციალზე აწარმოოს ბიო პროდუქცია და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა ამ მიმართულებით სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში.
ფორუმის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს სამეწარმეო საქმიანობის მრავალფეროვნება საქართველოში და ხელი შეუწყოს ქართული თუ უცხოური ბიზნესწრეების წარმომადგენელებს შორის მყარი საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას.
ფორუმს ქართველი ბიზნესმენები, ასევე საინვესტიციო ჯგუფები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები პოლონეთიდან, კვიპროსიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან - სულ 70 დელეგატი ესწრებოდნენ.
ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს.
უცხო ქვეყნების კომპანიები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ლოჯისტიკის, მსუბუქი მრეწველობის, გემთმშენებლობის სექტორებს წარმოადგენენ და აჭარაში უძრავ ქონებაში ინვესტირებით არიან დაინტერესებული.
ფორუმის ფარგლებში ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საინვესტიციო ფორუმი კომპანია IBCCS Georgia-ს, ასევე საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბის ორგანიზებით და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
იხილეთ გალერეა