24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა
24 მარტი, 2022
ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ე.წ. "დევნილთა დასახლებაში" ჩატარდა ინტეგრირებული სკრინინგი შემდეგ დაავადებებზე: ტუბერკულოზი, აივ ინფექცია/შიდსი, C ჰეპატიტი და COVID 19.
სკრინინგის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი.
"აჭარა გამოირჩეოდა ტუბერკულოზის შემთხვევათა მაღალი მაჩვენებლით, ამიტომ რეგიონში ორი ინიციატივის განხორციელება დაიწყო. რომელთა მიზანია დაავადების ადრეული გამოვლენა, დროულ დიაგნოსტიკა და მკურნალობა. როგორც მოგეხსენებათ ტუბერკულოზთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება 100%-ით. 2030 წლისათვის ჩვენი მიზანია დაავადების მაჩვენებლის 90%-ით შემცირება", - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი 2018 წელს შეუერთდა პროექტს -,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“.
პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას.
2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსების ვალდებულება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროექტის ფარგლებში აქტივობებს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის მიერ გათვალისწინებული პროტოკოლით ახორციელებს.
ასევე, 2021 წელს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ’’C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ ინფექციის აქტიური გამოვლენის ხელშეწყობის“ ფარგლებში რეგიონის მოსახლეობის ზოგად პოპულაციაში C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილი იყო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მიერ ინტეგრირებული სკრინინგის განხორციელება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის.
ღონისძიების შემსრულებელი - ბათუმისა და ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებების მიერ სკრინინგი ჩაუტარდა 27 133 ბენეფიციარს, სკრინინგის შედეგად გამოვლენილი საეჭვო შემთხვევები - C ჰეპატიტზე დადებითი -195, აივ ინფექცია/შიდსზე - 4, ტუბერკულოზზე - 17.
იხილეთ გალერეა