ქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა
19 მაისი, 2022
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ასეთი მასშტაბის გამოფენები ხელს უწყობს მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა.
გამოფენის გახსნას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრნენ.
„უკვე წლებია, აზერბაიჯანი არის ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს ჩვენს სამინისტრობს ცენტრალურ დონეზე. გამოფენის ფარგლებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, რაც, სამომავლოდ, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი აზერბაიჯანულ ბაზარზე“, - აღნიშნა გიორგი სურმანიძემ.
ქართული სტენდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა დაათვალიერა, რომელმაც ქართველ მეწარმეებს წარმატება უსურვა და საქართელოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
CASPIAN AGRO კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, სადაც, მსოფლიო მასშტაბით, არაერთი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. გამოფენის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.
გამოფენას CASPIAN AGRO, ყოველწლიურად, 12,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 24 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. CASPIAN AGRO 2022 18 მაისს გაიხსნა და 20 მაისს დასრულდება.
იხილეთ გალერეა