ზაზა შავაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
10 ივნისი, 2022
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი,ზაზა შავაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას შეხვდა.
მინისტრებმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე და დარგის მხარდამჭერ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აგრარული დარგის მიმართულებით ახორციელებს იმ საჭიროებებზეა მორგებული, რომელიც მეწარმეებს და ფერმერებს აქვთ და გათვლილია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობაზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციტრუსის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოებისა და ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხებს.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ყოველთვის მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მხარდაჭერა მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ფერმერებისა და მეწარმეების მიერ. ყველა წარმატებული პროექტის შედეგი არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
,,შეხვედრაზე აჭარის რეგიონში აგრარული დარგის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, მათ შორის, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ვითარებაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ციტრუსის ექსპორტის კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ზაზა შავაძემ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ წულაძე, მინისტრის მრჩევლები დავით წითლიძე და ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა