აჭარის სატყეო სააგენტო გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან გრანტს მიიღებს
10 ივნისი, 2022
აჭარის სატყეო სააგენტო გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან (KfW) 7 500 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს.
გრანტის ფარგლებში აჭარაში ხელი შეეწყობა ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, აჭარის სატყეო სააგენტოს ინსიტუციურ განვითარებას და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.
ახალ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი აჭარის სსიპ საატყეოს სააგენტოს უფროსმა თემურ ყურშუბაძემ და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა, ფრენკ მორშელმა მოაწერეს.
ხელმოწერის ღონისძიებას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრო.
,,დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა რეგიონისთვის,ხელი მოეწერა გერმანიის ფედერაციასთან ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც საშუალება გვეძლევა, ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ აჭარის ტყეების მდგრადი მართვა და დავიცვათ ის ეკოსისტემა, რითაც მიდარია აჭარა. მოგეხსენებათ, აჭარის 65% ტყით არის დაფარული და მის ტერიტორიაზე 4 დაცული ტერიტორიაა, მათგან 3-ს იუნესკომ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად შეცვალა დამოკიდებულება ტყეების მართვის და სატყეო სექტორის მიმართ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გერმანიის მთავრობას და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო “, - აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ.
იხილეთ გალერეა