აჭარაში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის დელეგაცია იმყოფება
07 ივლისი, 2022
აჭარაში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის დელეგაცია იმყოფება.
ქვემო სილეზიის სავოევოდოს ვიცე მარშალ მარჩინ ქშიჟანოვსკისთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გამართეს.
ჯაბა ფუტკარაძემ ვიცე მარშალს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საუბარი აჭარის საინვესტიციო გარემოს შეეხო.
აჭარას და ქვემო სილეზიას თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღემდე, სხვადასხვა სფეროში, არაერთი პროექტი უკვე ხორციელდება.
შეხვედრაზე მხარეებმა აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის ახალი ბიზნეს პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ზაფხულში აჭარა საინვესტიციო ფორუმს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას პოლონელი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
აჭარის განათლების მინისტრმა შეხვედრაზე პოლონეთში წარმატებულ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე ისაუბრა და პოლონურ მხარეს განათლების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დიასამიძე, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი, ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის დეპუტატები და პოლონური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2016 წლის 27 თებერვალს, ქალაქ ვროცლავში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის რეგიონული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
იხილეთ გალერეა