აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

20 ნოემბერს ბათუმი ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს

17 ნოემბერი, 2022

20 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით ყველაზე საინტერესო და პოპულარული ფესტივალი ტრადიციულად ევროპის მოედანზე ჩატარდება. ერთი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი.

წელს ავთენტური, აჭარული დეკორაციებით გაფორმებული ფესტივალის მთავარი თემა აჭარული ნაქარგობები იქნება, რომლის დეკორაციებითაც გაფორმდება საფესტივალე სივრცე. მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. „განდაგანა“-ს ფარგლებში ასევე მოეწყობა კულინარიული შეჯიბრება, რომელზეც გუნდები კულინარიული გზამკვლევიდან ,,კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ რამდენიმე მივიწყებულ კერძს მოამზადებენ. სტუმრებს კი აჭარული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.

წელს, პირველად სტუმრებისთვის გასართობი თამაშის სახის გაცოცხლდება უძველესი საწესჩვეულებო რიტუალი- ,,ფადიკო“, რომელიც  ხალხური დღესასწაულის ბერიკაობის აჭარულ ნაირსახეობაა. წარმოდგენა ქალაქის ქუჩებში დაიწყება და ერას მოედანზე დასრულდება. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ზვიად ბოლქვაძე და ბენდი, ასევე კახაბერი და ხანუმები იზრუნებენ.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი 2020-2022 წლებში არ ჩატარებულა. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები