აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცესი მიმდინარეობს
02 დეკემბერი, 2022
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში შპს „ქართულ მანდარინში“ იმყოფებოდნენ, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნენ.
ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო „ქართული მანდარინი“ 24 საათის განმავლობაში 250 ტონა ციტრუსის ჩაბარებას შეძლებს, დაახარისხებს, მოახდენს პარაფინირებას და ევროსტანდარტების მიხედვით შეფუთავს. საწარმო, რომელშიც 50 ადგილობრივია დასაქმებული, მიმდინარე სეზონზე, 3000 ტონა ციტრუსის ნაყოფის მიღებას გეგმავს.
მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, 45 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15 თეთრიანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. 5 თეთრს საწარმო გადაიხდის; შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. არასტანდარტული მანდარინის მიღებას საწარმოები უახლოეს დღეებში დაიწყებენ.
იხილეთ გალერეა