ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ონკო-გინეკოლოგიური აღჭურვილობა გადაეცა
02 დეკემბერი, 2022
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ონკო-გინეკოლოგიური სერვისებისთვის საჭირო 142 000 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.
ღონისძიებას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი ისკანდარ მინა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი ლადო შელია, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ, სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა კარიტასის მისიის წარმომადგენლებს, აჭარაში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებასა და ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით განხორციელებული არაერთი პროექტისთვის.
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი 2022 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა ონკო-გინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლები თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურით აღჭურვა, ხოლო სამედიცინო პერსონალი უზრუნველყო შესაბამისი ტრენინგებით.
პროექტმა ასევე ხელი შეუწყო პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ცოდნის გაღრმავებას ონკო-გინეკოლოგიაში და კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.
იხილეთ გალერეა