საერთაშორისო კონფერენცია - ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა
12 დეკემბერი, 2022
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, პარაგრაფ რეზორტში, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით - „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ დაესწრო.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბირთვული მედიცინის ქართველი პროფესორები და უცხოელი სპეციალისტები. მოწვეულმა ექიმებმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენებები სხვადასხვა ონკოდაავადების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინის, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული მკურნალობის მეთოდების შესახებ.
,,2023 წლიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსებას 90-100 % - მდე გაზრდის. კვლევა ასევე დაუფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს. დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფით განსაზღვრული პროპორციების დაცვით.
აღნიშნულ სერვისს სამინისტრო ამბულატორიული, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებისა და მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების პროგრამების ფარგლებში, 2018 წლიდან აფინანსებს და პროგრამით დღემდე 270 მოქალაქემ ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 561 210 ლარი გამოიყო“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
კონფერენციის გზავნილი იყო მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლება.
იხილეთ გალერეა