ევროპის იმუნიზაციის კვირეული აჭარაში
28 აპრილი, 2023
23-30 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ეგიდით ევროპის იმუნიზაციის კვირეული იმართება. იმუნიზაციის კვირეულის მთავარი მიზანი პროფილაქტიკურ აცრებზე, როგორც ინფექციური დაავადებებისგან უალტერნატივო პრევენციაზე, საზოგადოების ინფორმირებულობაა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ევროპის იმუნიზაციის კვირეული სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში, დღეს სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმში“ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ესწრებოდა.
,,მოხარული ვარ, რომ აჭარა გეგმიური იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლით, კვლავ პირველ ადგილზეა. მიმდინარე კვირეულის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოების, მშობლებს, ორგანიზაციებს თუ რა მნიშვნელობა აქვს იმუნოპროფილაქტიკას და პრევენციას. საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა მძლავრადაა წარმოდგენილი. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ხუთი ახალი ვაქცინა დაინერგა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა ვაქცინა უფასოა. ჩვენი მიზანია გააზრებული იქნეს ვაქცინაციის მნიშვნელობა, რაც უზრუნველყოფს ავადობის შემცირებას" - აღნიშნა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
ტრადიციულად, ევროპის იმუნიზაციის კვირეული აპრილის თვის ბოლოს იმართება. საქართველო ინიციატივას 2007 წლიდან შეუერთდა და აჭარაშიც ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით აღინიშნება.
იხილეთ გალერეა