შეხვედრა KfW-ს წარმომადგენლებთან
13 მაისი, 2023
აჭარაში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორი იმყოფება. ვერონიკა გარსია დელ არკოსთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გამართეს.
შეხვედრაზე KfW-ს მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
KfW-ს მხარდაჭერით აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე მშენებლობის საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს. პროექტით 39 სოფელში ახალი ინფრასტრუქტურით 30 000 აბონენტი ისარგებლებს. პროექტის ბიუჯეტი 78 მლნ. ევროს შეადგენს.
შეხვედრაზე მდგრადი ურბანული მობილობის ახალ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით მზაობა გამოითქვა, რომლის ფარგლებშიც ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის 15 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხის გამოყოფა იგეგმება. პროექტი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას, ველო და ქვეითთა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მართვის ცენტრი შეიქმნება, რომელიც საგზაო სენსორულ აღჭურვილობასა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას გააერთიანებს.
მხარეებმა ასევე ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის V ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ბათუმის ვიცე მერი ლევან დავითაძე, KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდ კრესი, ასევე ადგილობრივი კოორდინატორები ლევან ციცქიშვილი და თამარ კვანტალიანი ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა