ღვაწლმოსილ პედაგოგს 100 წელი შეუსრულდა
15 მაისი, 2023
ღვაწლმოსილ პედაგოგსა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს საიუბილეო თარიღი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მიულოცეს.
,,ქალბატონ ქეთოს ვულოცავთ დაბადებიდან 100 წლის შესრულებას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გადაეცა ფულადი საჩუქარი ათასი ლარის ოდენობით. პროგრამით მიმდინარე წელს, აჭარაში მცხოვრებმა 100 წელს გადაცილებულმა 38 მოქალაქემ უკვე ისარგებლა“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ
ქეთო ლორია სტუდენტი იყო, როდესაც ომში წავიდა. ბრძოლის ველზე სამი წელი და ხუთი თვე დაჰყო, გამარჯვება კი რუმეინეთის ქალაქ გალაცში იზეიმა. მას პედაგოგიური საქმიანობის 56 წლიანი გამოცდილება აქვს. ჰყავს ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.
სამინისტროს 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამით, მიმდინარე წელს კიდევ 11 მოქალაქე ისარგებლებს. ამ დროისთვის, აჭარის რეგიონში ყველაზე უხუცესი ქალბატონი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 108 წლის ფატყუმე დიასამიძეა.