აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

როდის დაიბადა გალაკტიონის მუზა?

03 აგვისტო, 2023


„...და მე ავტირდი ვით მეფე ლირი, ლირი ყველასგან მიტოვებული“ სადღაც, 1918 წელს გადაჰყრია ქუთაისში გენიოსი ულამაზესს, ალბათ... გალაკტიონის ამ ლექსზე და ლექსის მისტიფიკაციაზე იმდენი რამაა დაწერილი ახალს აბა რას ვიტყვით, მაგრამ გალაკტიონის მუზად მიჩნეულის დაბადების მოწმობას, ჰო კარგი, ნათლობის მოწმობას, სადაც დაბადების წელიც, თვეც და რიცხვიც სწერია, გადააწყდები, როგორ გინდა არ აღფრთოვანდე? ამ გაყვითლებულ ფურცელს კი აჭარის არქივში ვინ უნდა გადასწყდომოდა თუ არა დაუცხრომელი არქივარიუსი ნინო გოგიტიძე, ხელ და თვალშეუვლებს რომ არ ტოვებს ლამის თითოეულ ფურცელს?! ცოტა შორიდან რომ მოვუაროთ, მაინც წეს არს, გავიხსენოთ ბიოგრაფიული შტრიხები გალაკტიონის მუზაზე: მერის მამა გახლდათ პროკოფი ლევანის ძე შერვაშიძე, ( ჩვენს დოკუმენტში შარვაშიძე სწერია) გენერალ მაიორი, დედა- ნინა გრიგოლის ასული მხეიძე. დოკუმენტებში ჩანს რომ მათ მერის გარდა ჰყავდათ ელენე, ლევანი, თამარი და ანა. ლევანი სამწუხაროდ მალევე გარდაცვლიათ. ცნობილია რომ 1918 წელს მერი დაქორწინდა იმ დროს საქართველოში დაბრუნებულ გიორგი ქსნის ერისთავზე. რომელიც გახლდათ ნიკოლოზ მეორის ადიუტანტი. 21 წელს კი ისინი წავიდნენ ემიგრაციაში და გზად სტამბულში რამდენიმე დღით რომ შეჩერდა გემი, არც აცია და არც აცხელა გალაკტიონის მუზამ, ტყუილა ხომ არ იქნებოდა გარდამქრალი იმპერიის გარდამქრალ კონსტანტინოპოლში, და მიიღო მონაწილეობა სილამაზის კონკურსში, გაიმარჯვა და გახდა კიდევაც მის სამყარო. ამ დროს უკვე გალაკტიონიც ცხებული იყო პოეტთა მეფედ და ნაკლები მუზა ნაღდად არ შეეფერებოდა. სტამბულში შემოუერთდა მას მეუღლეც. პარიზში მე 16 უბან, რიუ-დე-ლა-ტურში დასახლდნენ, ბულონის ტყესთან ახლოს. თავიდან კი უჭირდათ მაგრამ მალევე გახდა კოკო შანელის მოდელი. ახლა წარმოიდგინეთ რომ ამ მერიზე, ლეგენდები რომ დადის ჯერაც, მითოსში რომაა უკვე გასახლებული თავისი სილამაზითა და გენიოსი პოეტის შესაძლო აღმაფრთოვანებელი მუზობით, უცებ შენი თანამშრომელი და მოუსვენარი არქივარიუსი ნინო გოგიტიძე წააწყდება და აღფრთოვანებით გიჩვენებს დოკუმენტს, დოკუმენტს სადაც აღნიშნულია მისი დაბადების თარიღი და ნათლობის მონაცემები: ნათლიები, მღვდელი, დიაკვანი და მედავითნე, გარკვევითა და შავით თეთრზე. არა, შავით ყვითელზე, გადაყვითლებულ საარქივო დოკუმენტზე. ფოლიანტი წარმოადგენს ბათუმში ახლანდელი აბაშიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის აწ უკვე დანგრეული ეკლესიის საეკლესიო ჩანაწერებს. ჰო, იმ სიმღერიდანაა, სხეული რომ შეიძლება დაანგრიო და გაანადგურო, მაგრამ უკვდავ სულს რომ ვერ უხერხებენ ვერაფერს ვერც წითელი და ვერც შავი ურჩხულები. დაფლითეს ტაძარი და მართალია სამ დღეში არ აღუდგენია არავის და არც ასი წლის შემდეგაც ვცდილობთ დიდად, მაგრამ ნაწერები ვერ დაწვა და გაანადგურა ვერავინ. ამ ჩანაწერში კი ალალად სწერია რომ ეს დიდებული ქალბატონი, რომელსაც სიბერეში რომ ჰკითხეს პარიზშივე მგონი, „მართლა იყავით გალაკტიონის მუზაო“, ღიმილითღა პასუხობდა მგონი ბუნდოვნად ახსოვდა, რომ არსებობდა ასეთი პოეტი საერთოდ, არათუ მუზა ყოფილიყო მისი, ან საერთოდაც რატომ უნდა სცოდნოდა? ეკატერინემ რო იცოდა, ჭავჭავაძემ, რა? ფურცელზე კი სანამ მე წავიკითხავ არ ეტევა ემოციებში ნინო და სხაპასხუპით აბულბულებს. „ დაბადებული 1889 წლის 17 ოქტომბერს. მონათლულია 1895 წლის 5 დეკემბერს ( საქმე არის 1895 წლის, შესაბამისად ამ საქმეში ამ წელს ნათელღებულებია აღნიშნული), მამა- მიხეილის ციხესიმაგრის არტილერიის პოლკოვნიკი, თავადი, პროკოფი ლევანის ძე შარვაშიძე, და კანონიერი ცოლი ნინა გრიგორის ასული შერვაშიძე, ორივე მართლმადიდებელი. მიმრქმელები: თავადი ალექსანდრე ანატოლის ძე ბარიატინსკი და მისი მაღალაღმატებულების, ოლდენბურგის უფლისწულის, მეუღლე გრაფინია აგრაფინა კონსტანტინეს ასული ზარნეკაუ. წმინდა ნათლობა აღასრულა ღვთისმსახურმა სიმონ თოთიბაძემ. დიაკვანი აპოლონ ქიქოძე და მედავითნე გაბრიელ დარჩია.“ ჰო, მაშ, შეიძლება ითქვას რომ თუკი მართლაც გაურკვეველი და სადავო იყო მერის დაბადების თარიღი, აგერ ბატონო დოკუმენტი აჭარის არქივში, ნამდვილად 1889 წლის 17 ოქტომბერსაა დაბადებული, ძველი სტილით. გალაკტიონის რა გითხრათ და ამ გადასახედიდან მართლაც შეიძლება ატირდა კაცი თუ ქალი, რა მნიშვნელობა აქვს, როცა საუკუნის იქით შეგაჭვრიტინებინებს ფოლიანტი.


ფრიდონ ქარდავა, საარქივო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

(+995) 422 22 48 15 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები