შეხვედრა აკვაკულტურის განვითარებასთან დაკავშირებით
17 აგვისტო, 2023
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები თევზის მწარმოებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრაზე ქობულეთში განიხილეს. ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსა და სამოქალაქო კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებსა და დარგობრივ ფერმერებს შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტად მოხდეს აკვაკულტურის დარგში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება, პოტენციალის განსაზღვრა და არსებული გამოწვევების დაძლევისთვის, ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავება. ეს მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყანაში აკვაკულტურის მდგრად განვითარებას.
შეხვედრაზე დარგში არსებული საკანონმდებლო სიახლეები, აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში აკვაკულტურის დარგის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის, ყველა ჩართული მხარის (სახელმწიფო, კერძო სექტორი) აქტიური თანამშრომლობის და დარგის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოში აკვაკულტურას განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და დარგის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებისთვის, მისი მაქსიმალურად გამოყენება უნდა მოხდეს.
შეხვედრას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და რეგიონის თევზის მწარმოებელი ფერმერები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა