ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ მოკვლევის ჯგუფთან შეხვედრა
01 სექტემბერი, 2023
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა დღეს ქ. ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” გაიმართა. შეხვედრაზე აჭარაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები განიხილეს.სამუშაო ჯგუფს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, ფსიქიატრიული სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მხარდამჭერ პროგრამებს, რომელთა გაფართოება საჭიროებების მიხედვით, ხდება ყოველ ახალ საბიუჯეტო წელს.“ჩვენ ვცდილობთ სამინისტროს პროგრამებით მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს და შევუქმნათ ოჯახთან მიახლოებული გარემო. ფინანსდება ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა, მიმდინარე წელს პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, დავამატეთ მეოთხე საცხოვრისი, ჯამში პროგრამით 96 ბენეფიციარი სარგებლობს. სამინისტრო ასევე აფინანსებს ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფას. ვფიქრობ, საჭიროა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების გაძლიერება, რათა დროულად მოხდეს დიაგნოზის დასმა და პაციენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.ფსიქიატრიული ჯანმრთელობის მიმართულებით, აჭარის რეგიონში, თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურების პროგრამებსა და სერვისებს მუნიციპალიტეტების მერიები ახორციელებენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბენეფიციართა სხვადასხვა საჭიროებები და არსებული პროგრამების სამომავლოდ კიდევ უფრო დახვეწა-გაფართოებაზე იმსჯელეს.საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევა საკითხზე: „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ხელშეწყობით დაიწყო.
იხილეთ გალერეა