სამინისტროს 2024 წლის პროგრამების საჯარო განხილვა გამართა
29 სექტემბერი, 2023
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მომდევნო წლის პროგრამების პროექტები და სიახლეები სამედიცინო დაწესებულებების, სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
გეგმის თანახმად, 2024 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით - 21.9%-ით, 11 220 000 ლარით გაიზრდება და 51 255 000 ლარი იქნება. ჯამში, სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 33 პროგრამას განახორციელებს.
"ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. 25 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ჯანდაცვის, ხოლო 15 მილიონზე მეტი ლარი სოციალური მიმართულებით. იზრდება თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი, ფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი. 7 000 000 მილიონი ლარია გათვალისწინებული ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომლითაც იფარება ორგანოთა ტრანსპლანტაციები და ძვირადღირებული მედიკამენტები, ამავე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადებების და გოგირდშემცველი ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით გამოწვეული მკურნალობის დაფინანსება მაღალეფექტური მედიკამენტებით" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას, ბენეფიციარებად დაემატება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი. 30%-ით გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი. თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა, ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატებით ყველა პაციენტს დაუფინანსდება სრულად.
5 615 000 ლარი გამოიყოფა ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებისთვის გათვალისწინებულია 928 000 ლარი. 34.2%-ით და 5 016 840 ლარი იქნება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი.
ასევე, 2024 წელს გაიზრდება სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატი . გეგმის მიხედვით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს დანამატის სახით 400 ლარს, მედდებს 250 ლარს გამოუყოფს. დანამატი სახელმწიფო პროგრამის პარალელურად გაიცემა.ნ ჯამში, დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს.
იხილეთ გალერეა