STEM მიმართულებით 23 სტუდენტი დაფინანსდა
11 ნოემბერი, 2023
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების სპეციალობებით სტუდენტების დაინტერესებისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს პროგრამას „ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“.
პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს (სტუდენტი);
სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე - „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ STEM მიმართულებებზე.
აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი;
სტუდენტებს, რომლებსაც ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით აქვთ 81% და მეტი.
2023 წელს „ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“ ფარგლებში ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებს 23 სტუდენტი, მათ შორის:
2022 წელს დაფინანსებული 2 სტუდენტი, რომლებსაც გაუგრძელდათ დაფინანსება მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნების საფუძველზე და
2023 წელს აგვისტოში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შერჩეულ 21 სტუდენტს.
სტუდენტებზე დახმარება სასწავლო წლის განმავლობაში გაიცემა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სტუდენტს კვალიფიკაციის მინიჭებამდე დარჩენილი აქვს მხოლოდ ერთი სასწავლო სემესტრი - 500 ლარი.
იხილეთ გალერეა