აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სსიპ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

10 იანვარი, 2019

ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. 49 
ტელ: 27-62-34, 27-05-93
სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი ჩხაიძე
დირექტორი: თემურ მახარაძე
ვებ-გვერდი: www.puppetyouth.ge
Facebook გვერდი: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი


ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო  თეატრის ისტორია

ბათუმში თოჯინების თეატრის ისტორია XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. იგი ,,ტიკინების თეატრის“ სახელწოდებით 1936 წელს გაიხსნა, მანამდე ბათუმში არსებობდა თოჯინების მოყვარულთა თვითმოქმედი თეატრი, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა ბათუმის თოჯინების პროფესიული თეატრი.

ბათუმში თოჯინების თეატრის დაარსების იდეა წარმოიშვა მოსკოვში, სტალინთან ქართული თეატრის მოღვაწეებთან შეხვედრაზე. დრამატულ თეატრში მოღვაწე მსახიობმა - თამარ ჭავჭავაძე და დრამატურგმა მიხეილ ნიორაძემ დასვეს საკითხი ბათუმში თოჯინების თეატრის დაარსებისა. სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ 1936 წლის 20 ივლისს რეჟისორ გრიგოლ კოსტავას სპექტაკლით - ,,კაკოს ოინები“ - გაიხსნა ბათუმის თოჯინების თეატრი.

თოჯინების თეატრის დასში ირიცხებოდნენ ისეთი ცნობილი არტისტები, როგორებიც იყვნენ: რეჟისორები - გრიგოლ კოსტავა და კოწო (კონსტანტინე დოღონაძე), კომპოზიტორი ვლადიმერ კორშონი, მხატვრები ივან ეფრემოვი და ოლეგ ერომირი. თოჯინები მზადდებოდა ადგილზე. დასში მსახიობებად ირიცხებოდნენ: ოლღა ჩხიკვიშვილი, ტასო შარაშიძე, თამარ თავდიშვილი, ლუიზა ანჯელო, გალია ბულგაკოვა, ეკატერინე რალცევიჩი, შალვა ხორავა და სხვები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბათუმის თოჯინების თეატრში მუშაობდა ორენოვანი სექცია. სპექტაკლები წარმოდგენილი იყო ქართულ და რუსულ ენებზე. ახალდაარსებული თოჯინების თეატრის რეპერტუარი საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. ორი წლის განმავლობაში აქ დაიდგა შემდეგი სპექტაკლები: ,,კაკოს ოინები”, ,,პატარა ჯემალი”, ,,ცოდვები”, ,,ჯადოსნური სატუცავი”, ,,კაცია-ადამინი?!, ,,ჯადოსნური ფლეიტა”, ,,სამი გოჭი”. ამ სპექტაკლების წარმატებამ სახელი გაუთქვა პატარა თეატრს.

ბათუმის თოჯინების თეატრს დიდ დახმარებას უწევდა ,,სამუსლიმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოება”, რომელსაც მეთაურობდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე მემედ აბაშიძე. ამ მიზეზით, პოლიტიკურ ნიადაგზე 1938 წელს თეატრი დაიხურა.     

1980 წლამდე, ბათუმში თოჯინების სახელმწიფო თეატრის გახსნამდე, 20 წლის განმავლობაში, აჭარის მასწავლებელთა სახლის ბაზაზე იდგმებოდა თოჯინური სპექტაკლები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები.

1980 წლიდან ბათუმში ფუნქციონირებას იწყებს მუდმივმოქმედი თოჯინების სახელმწიფო თეატრი. თბილისში, თეატრალურ ინსტიტუტში, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გივი სარჩიმელიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გაიხსნა თოჯინების თეატრის მსახიობებისა და რეჟისორების მიზნობრივი ჯგუფი, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა ბათუმის პროფესიული თოჯინების თეატრი. ამ ჯგუფის პირველი რეჟისორები და მსახიობები იყვნენ: თამაზ ბოლქვაძე, მამანა ხელაია, მანანა გოგიტიძე, ნინო ანთიძე, გოგა ხიჩინაშვილი, თამახ ჩახვაძე, დათო ქებულაძე. თეატრის მთავარ რეჟისორად დაინიშნა გივი სარჩიმელიძე, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ თეატრს. პირველი სპექტაკლი მ.ხეთაგურის ,,ხეტიალა“ დიდხანს იყო რეპერტუარში. წლების განმავლობაში ბათუმის თოჯინების თეატრი მონაწილეობას იღებდა არაერთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსა და კონკურსში და წარმატებებსაც აღწევდა. მათ შორის - ბულგარეთში, უნგრეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში.

ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრში იდგმებოდა როგორც კლასიკოს მწერალთა და დრამატურგთა, ისე - თანამედროვე ავტორების პიესები. მნიშვნელოვანი დადგმები იყო: შარლ პეროს ,,წითელქუდა”, გ. ნახუცრიშვილის ,,ნაცარქექეია”, პოპესკუს ,,მზის სხივი”, ი. ჭავჭავაძის ,,კაცია-ადამიანი”, ურბანის ,,ყველა თაგუნას უყვარს ყველი” გ. ნახუცრიშვილის ,,კომბლე ქალაქში”, ხალხური ზღაპრის მიხედვით ,,წიქარა.” ეგზუპერის ,,პატარა უფლისწული” ვ. ორლოვის ,,ოქროს წიწილა”,  ი. ზლატოპოვსკის ,,პინგვინის დაბადების დღე” თ. მეტრეველის ,,ბუ და აბლაბუდა”, ბ. აპროლოვის ,,ჩიმი”, პ. მოისწრაფიშვილის ,,ზღაპარი გრძელდება”.

ბათუმის თოჯინების თეატრში სხვადსახვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მხატვრები ნინო ნიჟარაძე, ანტონ ფილიპოვი, ბესიკ კალანდაძე, კობა ხოფერია, შადიმან ჭავჭავაძე, გელა ჭელიძე, მარინა ფრანგიშვილი, გია გოგიტიძე. თეატრის მუსიკალურ ნაწილს ხელმძღვანელობდნენ: სოსო ბარდანაშვილი, ალექსანდრე ოჩიგავა, თენგიზ შამილაძე, მინდია ხითარიშვილი.

თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ გივი სარჩიმელიძე, რეზო გელაძე, თამაზ ბოლქვაძე, ეთერ თავართქილაძე. სწორედ ეთერ თავართქილაძის სახელთან არის დაკავშირებული ამ თეატრში სპექტაკლების ცოცხალ პლანში დადგმა. 1993 წელს ეთერ თავართქილაძის მიერ დადგმულმა ე. შვარცის ,,არაჩვეულებრივმა კონკიამ” მისცა ბიძგი მსახიობებს ემუშავათ სხვა ჟანრში. რაც შემდგომში  ბათუმის თოჯინების თეატრის ბაზაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის დაარსების საფუძველი გახდა.  ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ ფაქტს წინ უსწრებდა ეთერ თავართქილაძის მიერვე დადგმული თ. მეტრეველის ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა” და გ.ნახუცრიშვილის ,,ათას ერთი ღამის ზღაპარი”. სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნა ახალი თეატრი ბათუმში.

მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ეთერ თავართქილაძის ავტორობით მნიშვნელოვანი სპექტაკლების განახორციელა: ვაჟა ფშაველას ,,შენ რომ სხვა მაჰკლა, შენც მაგკვლენ” (,,ალუდა ქეთელაურისა” და ,,სტუმარ-მასპინძელის მიხედვით), თ. ჭილაძის ,,ბუდე მეცხრე სართულზე” და ,,ნოეს კიდობანი”.

2007 წელს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა თავის ერთგულ პატარა მაყურებელს ორი პრემიერა – გრიგოლ ოსტერის “მოკითხვა მაიმუნს” და ედუარდ უსპენსკის “ნიანგი გენა და მისი მეგობრები” უჩვენა. ორივე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ ცინცაძეა. 2007 წელს შესაძლებელი გახდა ორი სპექტაკლის აღდგენა. 25 სექტემბერს გაიმართა პრემიერა ვახტანგ ახვლედიანის სპექტაკლისა “მეგობრობის ძალა”  (რეჟისორი თამაზ ბოლქვაძე), ხოლო ავთო დიასამიძემ აღადგინა მაყურებლის საყვარელი სპექტაკლი “ოქროს წიწილა”. გარდა ამისა, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში შედგა საახალწლო სპექტაკლის -  “ჯადოსნური ვარკვლავის” (დალი თედორაძე) - პრემიერა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო და ქართული თეატრის დღეებთან დაკავშირებით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ტრადიციულად ეწყობა არაერთი საქველმოქმედო სპექტაკლის ჩვენება, რომელსაც ესწრებიან მახინჯაურის, ურეხის და სავანეს ბავშვთა სახლების აღსაზრდელები. პატარა მაყურებლებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

საპრემიერო კვირეულში თეატრის ფოიეში ეწყობა სპექტაკლზე მუშაობის პერიოდის ამსახველი ფოტო გამოფენა, რითაც მაყურებელი  ეცნობა არა მხოლოდ მსახიობებს, არამედ მთელ დამდგმელ ჯგუფს.

ამჟამად საბავშვო თეატრის მიმდინარე რეპერტუარში 25-მდე სპექტაკლია. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ხშირად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ფესტივალებსა და თეატრალურ ფორუმებში.

2008 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა წიგნი “ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიის საკითხები” – ავტორები ლაშა ჩხარტიშვილი, ნერონ აბულაძე.

2011 წლის 13 დეკემბერს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს 75 წელი შეუსრულდა. იუბილეს საზეიმო საღამოს ქალაქ ბათუმის და უცხოეთის ინტელიგენციასთან ერთად ასევე ესწრებოდა ჟაკ ტრუდო " უნიმას" პრეზიდენტი. 

შენობა, სადაც ამჟამად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასია განთავსებული ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური არქიტექტურული ძეგლია არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთელს საქართველოში. ამის გამო მას მინიჭებული აქვს კულტურის ეროვნული ძეგლის სტატუსი. სამწუხაროდ, სხვადასხვა მეცნიერის კვლევის მიუხედავად, დღემდე დაუდგენელია ამ შენობის არქიტექტორის ვინაობა და და მისი აგების კონკრეტული თარიღი. გადმოცემით ცნობილია, რომ ეს შენობა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ეკუთვნოდა ვინმე ბერძენ ექიმს, რომელიც სახლში იღებდა პაციენტებს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, კონკრეტულად კი 1924 წლიდან, შენობა გადაეცა აჭარის მასწავლებელთა სახლს, ხოლო 2011 წელს აღნიშნული შენობა მთლიანად გადაეცა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს. მანამდე საბავშვო თეატრს ბათუმში საკუთარი შენობა არ გააჩნდა. 

2016 წლის 14 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის რეაბილიტირებული (2012 წლიდან 2016 წლამდე მიმდინარეობდა შენობის რეაბილიტაცია)  და ევროსტანდარტებს მორგებული შენობა, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს როგორც პატარა მაყურებლების მოთხოვნებს, ასევე უცხოელი ვიზიტორების აღფრთოვანებასაც იწვევს.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი აქტიურად ღებულობს მონაწილეობას უცხოეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებში: 2008 წლიდან დღემდე თეატრის დასი არაერთგზისაა ნამყოფი თურქეთში (ბულანჯაკი), ბულგარეთში(ვარნა) , უკრაინაში(ვინიცა, ლვოვი), ბოსნიაში (სარაევო), ლიტვაში( პანავეჟისი)  სადაც წარმატებით უჩვენა სხვადასხვა საკონკურსო სპექტაკლი  და უამრავი ჯილდოთი დაუბრნდა ქალაქს.

ბათუმის თოჯინების თეატრის საგასტროლო ისტორიიდან აღსანიშნავია ბოლო დროის მიღწევები : 2009 წლის 12-16 მაისს, უკრაინაში, ქალაქ ვინიცის საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალზე, თეატრმა  წარმოადგინა ახალი სპექტაკლი “არგონავტები” ( რეჟისორი ზურაბ ცინცაძე). აღნიშნული სპექტაკლის პრემიერა სწორედ უკრაინაში შედგა და ფესტივალის მთავარი ჯილდო – გრანპრი დაიმსახურა.

2011 წლის 1 – 6 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე “ოქროს დელფინი”  მიწვევით 4 საერთაშორისო დონის  ქვეყანასთან ერთად იმყოფებოდა  და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიზი “ საუკეთესო მუსიკალური გაფორმება” დაიმსახურა.

2016 წელს, თეატრის დასი მოწვევით იმყოფებოდა, ბოსნიაში, კერძოდ კი ქალაქ სარაევოში, სადაც საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალში "ლუტფესტ" - წარადგინა ჩემოდანის სპექტაკლი "წითელქუდა" და დაიმსახურა ჯილდო - "საუკეთესო ფორმატის საბავშვო სპექტაკლი".

2007-2016 წლებში თეატრში  25 ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა, რომელთა შორის როგორც საბავშვო, ასევე მოზარდთათვის, მოწვეული რეჟისორების მიერ ინოვაციური, ტექნიკური თუ შემოქმედებითი მეთოდებით დადგმული საოცრად ფერადოვანი და აქტუალური სპექტაკლებია.

2017 წელს  შედგა  სპექტაკლების: „მგელი და ციკანი“, „არამგამა“, „პატარა უფლისწული“ პრემიერა. 21 დეკემბერს გაიმართა საახალწლო სპექტაკლის „კონკია“ პრემიერა2017 წელს განახლდა ოთხი სპექტაკლი: „მეგობრობის ძალა“, „ნუნუ მასწავლებელი ჯოჯოხეთში“, „მოჯადოებული ფერია“, „ბრემენელი მუსიკოსები“.

დასი იმყოფებოდა ორ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე: 2017 წლის 2 ივლისს უკრაინაში ქალაქ ლვოვში საერთაშორისო არასაკონკურსო ფესტივალზე, სადაც წარმოდგენილი იყო სპექტაკლი „მგელი და ციკანი“; 2017 წლის 16-19 დეკემბერს - თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირის მე-6 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით „ფერადი ნისლების სანაპირო“. 


 


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები