აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სსიპ "აჭარის მუზეუმი"

31 იანვარი, 2020

სსიპ „აჭარის მუზეუმი“

მისამართი: ქ. ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქ. №4

ტელ.: (0422) 27-11-75; (0422) 27- 09- 42 

ვებ-გვერდი: www.ajaramuseums.ge

ელ-ფოსტა: ajaramuseum@gmail.com


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის N 12 დადგენილებით დაფუძნდა სსიპ აჭარის მუზეუმი, რომელიც აერთიანებს ოთხ მუზეუმს:

1) ხ. ახვლედიანის სახელობის მუზეუმს;

2) ხელოვნების მუზეუმს;

3) ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს;

4) ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს;

გაერთიანების მიზანია ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა, შესწავლა, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ინტერესის გათვალისწინებით მსოფლიო კულტურულ რუკაზე ღირსეული პოზიციონირება.

გაერთიანება გულისხმობს მუზეუმის ახლებურ შინაარსობრივ-კონცეპტუალურ გააზრებას და მათი საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნას.



აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

მისამართი: ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქ. №4

ტელ.: (0422) 27-11-75; (0422) 27- 09- 42                     

ვებ-გვერდი: www.ajaramuseums.ge

Facebook:  აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი


მუზეუმის  ისტორია

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი დაარსდა 1908 წელს - მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი. 1908 წელს 19 მარტს 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან საბავშვო მუზეუმის გახსნის შესახებ, რაც მალე კიდეც შეასრულეს.

მუზეუმი მდებარეობდა ვოზნესენსკისა და ოლღას (ამჟამად მელიქიშვილისა და ვახტანგ გორგასალის ქუჩების კუთხე) ქუჩების კუთხეში. მუზეუმის გამგედ 1908 წლის 1 ოქტომბრიდან დაინიშნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებლის ხელგარჯილობის მასწავლებელი ნიკოლოზ გომანი.

1910 წლის 9 მაისიდან გაფართოების გამო გადაიტანეს საქალაქო საბჭოს შენობის პირველ სართულზე და ერთი ოთახი დაუთმეს. 1912 წლის 15 ოქტომბერს საქალაქო საბჭოს დადგენილებით იგი გადააკეთეს საქალაქო მუზეუმად. 1924 წლამდე მუზეუმი შერეული ტიპისა იყო, ხოლო 1925 წლიდან გადააკეთეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. იმავე წელს გადაიტანეს ყოფილ სამხედრო ტაძარში, სადაც იყო 1930 წლამდე. სინესტის გამო ამ ტაძარში ბევრი ექსპონატი გაფუჭდა, ამიტომ 1930 წლის 25 იანვრიდან მუზეუმი ხაზინის შენობაში მოათავსეს. 

ნიკოლოზ გომანის შემდეგ 1938 წლის თებერვლიდან და 1989 წლის მაისამდე მუზეუმის დირექტორი იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხარიტონ ახვლედიანი. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის, როგორც სამხარეთმცოდნეო სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება-განმტკიცება.

1957 წელს მუზეუმის ძველ შენობაზე დაშენდა მე-2 სართული.აჭარის მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. აქ დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები,ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2 000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში 2015 წელს ჩატარდა სრული რეაბილიტაცია. მუზეუმის ეზოში აშენდა ახალი, სამსართულიანი კორპუსი-ბუნების, ისტორიის, სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების თანამშრომელთათვის და მხატვრული ტილოების საცავი. 

მუზეუმის საექსპოზიციო ფართი გაიზარდა 40 კვ.მ-ით, ინტერიერის შესაბამისი დიზაინით გამოცალკევდა განსაკუთრებული ექსპონატის სტატუსით ანტიკური კრატერი.მუზეუმის ექსპოზიცია კონცეპტუალურად განახლებულია. ბუნების განყოფილებაში წარმოდგენილია აჭარის გეოლოგიური წარსული, ფლორა, ფაუნა;  ისტორიის განყოფილება აჩვენებს მხარის ისტორიულ წარსულს, ეთნოგრაფიულ განსხვავებულობას.

საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ხელოვნების ნიმუშები, მხატვრული ტილოები, სკულპტურები,სამკაულები და ანტიკვარული ნივთები.კეთილმოწყობილია მუზეუმის ეზო, სადაც განთავსებულია ვეშაპის ჩონჩხი, აჭარაში პირველი ტრაქტორი, მატერიალური კულტურის ძეგლების ორნამენტიანი ფრაგმენტები ძველი წარწერებით. 

მუზეუმის ძირითადი მიზნები და აქტივობები:

  • კულტურულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
  • ეროვნული საგანძურის მოძიება, მეცნიერული შესწავლა, რეგისტრაცია, დაცვა, ექსპონირება;
  • სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, პოპულარიზაცია;
  • ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპოზიციების განახლება;
  • ბეჭდვითი პროდუქციის გამოცემა;
  • ვიზიტორთა მომსახურება.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფილიალები: 

მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი

(მემედ აბაშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ნივთიერი და ფოტომასალა)

მის: ქ.ბათუმი მემედ აბაშიძის ქN7

ტელ: (0422) 27 61 12

-

ილია ჭავაჭავაძის მუზეუმი

(ილია ჭავჭავაძის პირადი ნივთები, დოკუმენტები  და ფოტომასალა)

მის: ქ. ბათუმი ალ. გრიბოედოვის  ქN5

ტელ: (0422) 27 86 76

-

სამეცნიერო-ბიბლიოთეკა

წიგნადი ფონდი

მის: ქ. ბათუმი ფიროსმანის ქN1

-


აჭარის ხელოვნების მუზეუმი

მისამართი: ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №8

ტელ: (0422)  27 38 94; 27 62 28

ვებ-გვერდი: www.ajaramuseums.ge

Facebook:  აჭარის მუზეუმი


მუზეუმის ისტორია

აჭარის ხელოვნების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1998 წლის 19 დეკემბერს და იგი თანამედროვე ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. მუზეუმი ფლობს ექსპონატების სოლიდურ კოლექციას, რომელიც იძლევა ნათელ წარმოდგენას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ძირითად ეტაპებზე. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის შესანიშნავ მხატვართა მთელი პლეადა: ნ. ფიროსმანი, გ. გაბაშვილი, ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, ე. ახვლედიანი, მ. ბერძენიშვილი, ე. კალანდაძე, ზ. ნიჟარაძე, ნ. იგნატოვი, თ. გოცაძე, გ. ბუღაძე, რ. ფეტვიაშვილი და სხვა ოსტატები, რომლებმაც ქართულ ხელოვნებას საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი. 

ხელოვნების მუზეუმი განთავსებულია ბათუმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, რომელიც დაპროექტებულია ცნობილი არქიტექტორის, კახა ჯავახიშვილის, მიერ (1949 წ.). ეს მონუმენტური ნაგებობა გამოირჩევა თავისი ფუნქციონალური სტრუქტურით და ესთეტიკური გამომსახველობით, ხასიათდება მკაცრი, დახვეწილი არქიტექტონიკით, დეკორის სისადავით. ფასადს ამშვენებს გამოჩენილი მოქანდაკის - თამარ აბაკელიას - მიერ შესრულებული რელიეფური ფრიზი (1951-52 წწ.).

ხელოვნების მუზეუმს ვრცელი სამუშაო პროგრამა აქვს. ეწყობა პერსონალური, ჯგუფური, რეტროსპექტული გამოფენები, მუსიკალური საღამოები და  თეატრალიზებული წარმოდგენები, ხორციელდება სხვა კულტურულ-შემეცნებითი პროექტები, რაც მუზეუმს თავისებურ სპეციფიკას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

აჭარის ხელოვნების მუზეუმის მისია განისაზღვრება შემდეგი პრინციპებით:

1. კულტურული მემკვიდრეობის ქრონოლოგიური დაკომპლექტება, დაცვა, პრეზენტირება;

2. სახვითი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მიმდინარე თანამედროვე, ინოვაციური პროცესების ინტერპრეტირება;

3. საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი და სინთეზური პროგრამების განხორციელება კულტურული ტურიზმის პერსპექტივის გათვალისწინებით.

ART პედაგოგიკის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები ასაკობრივი სკალის მიხედვით:

ა) საკვირაო არტ-სტუდია პატარებისთვის (სურვილისამებრ მშობლების მონაწილეობით);

ბ) ლექცია-სემინარები სამხატვრო სპეციალობის სტუდენტებისთვის;

გ) კონსულტაციები სახვითი ხელოვნებით დაინტერესებული თავისუფალი მსმენელებისთვის.

მუზეუმში ფუნქციონირებს ბავშვთა ხელოვნების სტუდია, სადაც 6 – 10 წლამდე ბავშვები ეუფლებიან ხატვას, ესთეტიკას, ხელოვნების ისტორიას. 

აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ჩვენი დროის სწრაფმიმდინარე პროცესების ფონზე ახორციელებს თავის მისიას, ეხმიანება კულტურისა და ხელოვნების სფეროში განვითარებულ თანამედროვე პროცესებს, იცავს და წარმოაჩენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სამუზეუმო ფონდის იმ ნაწილს, რომელსაც აჭარის ხელოვნების მუზეუმი წარმოადგენს.

-


ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

მისამართი: ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. 77

ტელ. (0422) 22–36–94; 27–65–64

ელ-ფოსტა: bat.arch.museum@gmail.com;  

ვებ გვერდი: www.ajaramuseums.ge

Facebook: ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი


მუზეუმის  ისტორია

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ფუნქციონირებს 1994 წლიდან. მუზეუმი ორიენტირებულია მნახველთა რაოდენობის გაზრდასა და სამიზნე აუდიტორიის გაფართოებაზე. მის პრიორიტეტებს წარმოადგენს მხარის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, მუზეუმის დამთვალიერებლებისათვის სამუზეუმო მომსახურების სხვადასხვა ფორმით შეთავაზება, საექსპოზიციო და სამეცნიეროკვლევით მუშაობის სრულყოფა. მუზეუმი მუშაობას წარმართავს სამი მთავარი მიმართულებით:

1.სამუზეუმო მუშაობის სრულყოფა და პოპულარიზაცია;

2. სამეცნიერო-კვლევითი და საექსპედიციო მუშაობა;

3. კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობა.

მუზეუმის ფონდებში თავმოყრილია აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ძეგლები. სისტემატურად მიმდინარეობს მოპოვებული მასალის კამერალური დამუშავება, კატალოგიზაცია, პასპორტიზაცია. მუზეუმში ფუნქციონირებს სარესტავრაციო ლაბორატორია, ფოტოლაბორატორია და არქივი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, კერამიკული სტუდია-სახელოსნო, მაღაზია-სალონი.

მხარის ისტორიისა და ნივთიერი კულტურის წარმოჩენას ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი აქ დაცული არტეფაქტების ექსპონირების მეშვეობით ახორციელებს. 2007 წელს პირველად გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო-პოპულარული გამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს აცნობს მხარის უძველეს ისტორიასა და კულტურას ცალკეული ეპოქების მიხედვით.2014 წელს განხორციელდა მუზეუმის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია და განახლდა ექსპოზიცია. ამავე წელს მოეწყო და გაიხსნა მუზეუმის ოქროს საგანძურის გამოფენა.

მუზეუმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობაა. ამ მიზნით მუზეუმში მიმდინარეობს მოპოვებული მასალის მეცნიერული შესწავლა, ხორციელდება ერთობლივი კვლევები სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებთან ერთად. კვლევის შედეგები აისახება სამუზეუმო გამოცემებში.  მომზადდა და გამოიცა მუზეუმის შრომების რვა ტომი. ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა მონოგრაფია „ფიჭვნარის“ 7 ტომი, კატალოგები:„ აჭარა ქვის ხანაში“, „აჭარა ენეოლით-ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში“,  „აჭარა ადრეანტიკურ ხანაში (კოლოხური კლასიკა)“ „ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს საგანძური“, „ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ნუმიზმატიკური საგანძური“. საქართველო უძველესი მეტალოგენური კერა (აჭარა); კონტაქტები აღმოსავლურ ცივილიზაციებთან უახლესი აღმოჩენები, ნოვაციები (I საერთაშორისო კონფერენციის მასალები). პერსპექტივები. თანამშრომელთა ნაშრომები სისტემატურად იბეჭდება რესპუბლიკურ და საზღვარგარეთის სამეცნიერო გამოცემებში.

ფონდების შევსების მიზნით  ხორციელედება საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიებანი. 1998 წლიდან ბათუმის არქეოლოგიური და ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმების ფიჭვნარის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ახალი აღმოჩენებით გაამდიდრა მუზეუმის საგანძური.მუზეუმს აქვს საკმაოდ ფართო საერთაშორისო კავშირები. არსებული მემორანდუმების მიხედვით დასახულია საინტერესო ერთობლივი ღონისძიებები.  სხვადასხვა ასაკის მოზარდებისა და ახალგაზრდების სამუზეუმო საქმიანობაში ჩართვის მიზნით ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტები: „სახალისო არქეოლოგია“, „კერამიკა და ქიმიის საიდუმლოებები“, „სამკაულის ხელოვნება“, „მეთუნეობა კოლხურ კულტურაში“, „იმოგზაურე წარსულში“, „მძივის ისტორია“, „მევენახეობა-მეღვინეობა აჭარაში“ და სხვ. სპეციალურად გამოყოფილ სამუზეუმო სივრცეში მოწყობილია იმიტირებული არქეოლოგიური ველი, სადაც მოსწავლეები  პრაქტიკულად გადიან არქეოლოგიური სამუშაოების ყველა ეტაპს. ფუნქციონირებს კერამიკული სახელოსნო, სადაც მოსწავლეები ეცნობიან მეთუნეობის ტრადიციულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამზადებენ მუზეუმში დაცული არტეფაქტების ასლებს.

მუზეუმს აქვს მდიდარი სპეციალიზირებული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

მუზეუმის ფოიეში მოწყობილია ეთნოარქეოლოგიური და გეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა. 2009 წლიდან მუზეუმში ფუნქციონირებს სპეციალიზირებული მაღაზია–სალონი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს მუზეუმის დამთვალიერებელთა შორის.

მუზეუმის ძირითადი მიზნები და აქტივობები:

1.სამუზეუმო საქმის პოპულარიზაცია და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ჩართვა

  • ექსპოზიციის პერიოდულად შევსება;
  • კატალოგების და ბუკლეტების მომზადება;
  • მინაბაძების დამზადება;
  • საექსკურსიო მარშრუტების შემუშავება–განხორციელება აჭარის ტერიტორიასა და მომიჯნავე ტერიტორიებზე;
  • ტურისტების მოზიდვის მიზნით ბანერებისა და ფლაერების დამზადება;
  • მოძრავი გამოფენების მოწყობა

2. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება

  • თემატური ექსკურსია–გაკვეთილების ჩატარება მოსწავლეებისათვის;
  • ტრენინგებისა და ვორქშოფების ორგანიზება აჭარის საჯარო სკოლების ისტორიის მასწავლებლებისათვის;
  • ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობა;
  • მასტერკლასების ჩატარება;
  • ერთობლივი კონფერენციების მოწყობა;
  • სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართვა საველე–არქეოლოგიურ სამუშაოებში

3. სამეცნიერო–კვლევითი მუშაობა

  • ექსპედიციების მოწყობა;
  • მასალის კამერალური დამუშავება, რესტავრაცია, ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია, საფონდო მუშაობა (კატალოგიზაცია, ინვენტარიზაცია);
  • სამეცნიერო ნაშრომების მომზადება–გამოქვეყნება;
  • სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება და მონაწილეობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში.


ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი

მისამართი:ქ. ბათუმი, თამარის დასახლება, ლესელიძის 3 

ტელ. (+995) 577299949

ელ-ფოსტა: branobelbatumi@gmail.com

ვებ გვერდი: www.ajaramuseums.ge

Facebook: ძმები ნობელების მუზეუმი


მუზეუმის ისტორია

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წელს დაარსდა. მუზეუმი სწორედ იმ შენობაში მდებარეობს, სადაც საუკუნის წინ განთავსებული იყო ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის "ბათუმის კანტორა". აქ მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმში მოღვაწე უდიდესი ნავთობმაგნატების ნობელების, როტშილდების და მანთაშევის საქმიანობას და მოღვაწეობას, მუზეუმში დაცულია ძველი ბათუმის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ამსახველი არაერთი საინტერესო ექსპონატი. დამთვალიერებელი მუზეუმში გაეცნობა ჩაის კულტურის ისტორიას; ლაო ჯინ–ჯაოს საინტერესო ბიოგრაფიას; კომერციული ქართული ღვინოების, მათ შორის საეკლესიო ღვინის ისტორიას, რომელიც ბათუმსაც უკავშირდება, პირველი ფერადი ფოტოს დიდოსტატის, სერგეი პროკუდინ-გორსკის შემოქმედებას, ასევე ბათუმელი ფოტოგრაფების, ანტონოპულოს და ეგოროვის ფოტოებს. მუზეუმში დამთვალიერებელი მიიღებს საინტერესო ცნობებს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის  შესახებ.



კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები