განათლების სამინისტროს 2017- 2020 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა
19 მაისი, 2016
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელები, სამინისტროს დეპარტამენტებისა და განყოფილებების უფროსები, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი 2016 წელს შეადგენს 41 869 800 ლარს, რომლის ფარგლებში ახორციელებს 10 პროგრამას და 27 ქვეპროგრამას, ხოლო 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის განაცხადი იზრდება და პირველადი გეგმა შეადგენს 44 311 000 ლარს. „სამინისტრომ შეიმუშავა ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა, რის საფუძველზეც განხორციელდა პროგრამების განახლება. საბიუჯეტო კოდექსის თანახმად შეიქმნა სამინისტროს 2017-2020 წლების საშუალოვადიანი გეგმა. 2017 წლის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის პირველად ვერსიაში განათლების მიმართულებით პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების ხარისხის გაზრდა და რეგიონში განათლების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით დაგეგმილია პროგრამების გაზრდა და დაფინანსება“-აღნიშნა გიორგი თავამაიშვილმა.კულტურის მიმართულებით 2017 წელს პრიორიტეტად ცხადდება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კულტურის ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება და სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. სამინისტრო გააგრძელებს დაფინანსებას პროფესიული სპორტის მხარდაჭერის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის.საჯარო შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა. დაინტერესებული მხარეების შენიშვნები და რეკომენდაციები პროგრამების საბოლოო ვერსიაში იქნება ასახული.
იხილეთ გალერეა