ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების განხილვა
19 მაისი, 2016
2016 წლის 11 მაისს, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სსიპ დასაქმების სააგენტოს 2017 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა.შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და სერვისების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას პროგრამების პროექტები მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ წარუდგინა. 2017 წელს, სამინისტრო გეგმავს, პირველად განახორციელოს „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა“. ქვეპროგრამის მიზანია: პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გზით), ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენა/გაუმჯობესება, პაციენტისათვის ფუნქციონალური დამოუკიდებლობის მოპოვება.ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოდგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები. დაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს.„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს, რომლთაც ესაჭიროებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გამოეყოფათ, ერთჯერადად 40 000 ლარი. წლის განმავლობაში დაფინანსდება 5 პაციენტი, რიგითობისა და მოცდის პრინციპის დაცვით. 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინასებს 10 000 ლარის ფარგლებში. „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამას, 2017 წელს, ბენეფიციარებად დაემატება ყველა შშმ პირი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები). ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულიგეგმიური სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში. (ასაკით პენსიონერებს- 10%; სხვა დანარჩენ ბენეფიციარს- 20%).2016 წლისათვის პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები; ასკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვები.სამინისტრო გეგმავს უცვლელად გააგრძელოს 2016 წელს არსებული სხვა პროგრამები.
იხილეთ გალერეა