აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

28 წელი სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან

19 აპრილი, 2017

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და სასულიერო პირები სოფელ წაბლანას ეწვივნენ და 1989 წლის 19 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მაღალმთიანეთის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კუთხე საოცარია უპირველეს ყოვლისა აქ მცხოვრები ადამიანების თვალსაზრისით. "აქ ცხოვრობენ განსაკუთრებულად კეთილშობილი და განსაკუთრებულად პატრიოტი ადამიანები, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანები. საქართველოში არაერთი მთიანი კუთხე დაიცალა სამწუხაროდ. საოცარია, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ურთულეს პირობებში ადამიანები არ ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს და ამაგრებენ ამ კუთხეს, ინარჩუნებენ იმ კულტურულ სიმდიდრეს, რომლითაც ასე მდიდარია მთიანი აჭარა. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის გმირობის და პატრიოტიზმის წინაშე. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ წაბლანელების ხსოვნას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, სამწუხაროდ წლების მანძილზე გადაუწყვეტელი პრობლემა დღეს გადაწყვიტოს და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკვე გამოყოფილია შესაბამისი დაფინანსება, აჭარის მთავრობის და საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად, პროცესში ჩართულია ინვესტორი კომპანია "აჭარისწყალი" და შენდება საცხოვრებელი, რომელშიც ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები თავშესაფარს, მუდმივ ჭერს მიიღებენ. მოსახლეობასთან მიმართვისას პრემიერ-მინისტრმა მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. სულ მალე დაიწყება ხულო-ზარზმის, ზულო-ბეშუმის გზა, ასევე მთიანი აჭარის გაზიფიკაცია ხელვაჩაურიდან ხიჭაურამდე. მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ: ,,28 წელი გავიდა წაბლანის ტრაგედიიდან. მას შემდეგ არაერთი თაობა გაიზარდა. მნიშვნელოვანია დაღუპული ადამიანების ხსოვნა, მათი არდავიწყება, მათდამი სათანადო პატივის მიგება. დღეს ჩვენ ერთად ვიხსენებთ ამ ხალხს და ვართ ერთიანნი ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში”. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები