აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარაში წყლის სექტორის რეფორმის ანგარიშის განხილვა

06 ოქტომბერი, 2017

ამ წუთებში სასტუმრო „რედისონში“, აჭარაში წყლის სექტორის რეფორმის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საბოლოო ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში წყლის რეფორმის განოხრციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტისთვის საჭირო ინვესტიციების და ინსტიტუციონალური დახმარების საჭიროებები განიხილება. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დოკუმენტი საკონსულტაციო კომპანია მაქსის (MACS – Energy and Water) მიერ მომზადდა.

პროექტის განსახორციელებლად სს „აჭარის წყლის ალიანსი“ შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აჭარის მთავრობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით არის წარმოდგენილი, გარდა ამისა ალიანსში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. სააქციო საზოგადოება კონსულტანტის ფუნქციებს შეითავსებს და მუნიციპალიტეტებს ტენდერის გამოცხადებაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და სხვა საქმიანობაში დაეხმარება.

აჭარაში წყლის სექტორის რეფორმა გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხითა და ევროკავშირის NIF-ის გრანტით დაფინანასდება;

პროექტის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის მიხედვით საერთო ინვესტიციების სტრატეგია სამ განზომილებას მოიცავს:

• ინვესტიციები მუნიციპალიტეტების დაბების წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალიზებულ სისტემებში;

• ინვესტიციები მაღალმთიანი სოფლების წყლის დეცენტრალიზებულ სისტემებში;

• ინვესტიციები ექსპლუატაციისა და მართვისათვის საჭირო ტექნიკა-მოწყობილობების შესაძენად.

პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 44.000.000 ევროს შეადგენს, რომელიც როგორც ცენტრალური, ისე დეცენტრალიზებული კომპონენტისთვის დაიხარჯება. ინვესტიციების პერიოდი 7 წელზეა გათვლილი (2018-2024წწ).

პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე, სპეციალურად შერჩეული კონსულტანტების მიერ დეტალური პროექტები მომზადდება და ყველა მუნიციპალიტეტისთვის სატენდერო პროცედურები განხორციელდება. პროექტამდე არსებული და პროექტის შემდგომ შექმნილი ინფრასტრუქტურული აქტივები, ისევე, როგორც საერთო სერვისების მიწოდებისთვის საჭირო აქტივები, მუნიციპალიტეტების საკუთრებაში გადავა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და პროექტში ჩართული სხვა მხარეები ესწრებიან.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები