აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

22 თებერვალი, 2018

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

►ვიზიტის ფარგლებში აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის 2018 წლის თანამშრომლობის გეგმები განიხილება. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში აჭარის რეგიონის მონაწილეობაა.

►სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ქვემო სილეზიის ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოში (DAWG), სააგენტოს პრეზიდენტთან ჰუბერტ პაპაჟთან ოფიციალური შეხვედრა.

►შეხვედრაზე აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ გამართა. მინისტრმა აჭარის ეკონომიკურ პარამეტრებზე, ინვესტიციების მზარდ მაჩვენებლებზე, მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
"აჭარაში მხოლოდ 5 მასშტაბური სოციალურ-ეკონომიკური და სპორტის მიმართულებით ამ ეტაპზე მიმდინარე სახელმწიფო პროექტი, ბიუჯეტიდან 266 მლნ ლარზე მეტით ფინანსდება. აჭარის მთავრობა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებით, ხელს უწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას და მათ სტიმულირებას ახალი ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. 
მინდა აღვნიშნო,რომ პოლონეთის რესპუბლიკისა და აჭარის რეგიონის ეფექტური თანამშრომლობა უკვე წლებია გრძელდება. ჩვენ ვართ მეგობრები და საუკეთესო პარტნიორები და ამის საუკეთესო მაგალითი აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური ობსერვატორიის უპრეცედენტო პროექტია, რომლის განხორციელებაში პოლონური მხარის უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენ ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო და სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ"- განაცხადა შეხვედრაზე რამაზ ბოლქვაძემ.

►შეხვედრას DAWG-ის წარმომადგენლები, საქართველო-პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი- სტანისლავ რაზნიევსკი, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი- კაროლ პრზივარა, პროტოკოლის განყოფილების უფროსი- ალექსანდრა მიროვსკა და საქართველოს ელჩი პოლონეთში-ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

►პრეზენტაციის შემდეგ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის შესაძლებლობებზე ისაუბრა. ზურაბ პატარაძემ ქართულ-პოლონური ეკონომიკური პროექტები განიხილა და აღნიშნა, რომ აჭარაში 6 პოლონური კომპანია ფუნქციონირებს. 
,,დინამიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. თუმცა, ვფიქრობ, არსებული პოტენციალი უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. წარმატებულია თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. სისტემატურად იმართება ბიზნეს და ტურისტული ფორუმები, რომლებშიც ჩვენი რეგიონები აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 3-5 აპრილს, ქვ. სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ქ. ბათუმში აჭარა-ქვემო სილეზიის ბიზნეს ვორკშოპი გაიმართება. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა: სისტემატიურად იმართება ფრენები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ვარშავის მიმართულებით. მისასალმებელია, რომ მარტის ბოლოდან დაინიშნება პირდაპირი რეისები ქუთაისიდან ვროცლავსა და კატოვიცეში“-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
►შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ქართველი და პოლონელი ბიზნესმენების უფრო დაახლოვების საქმეში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. საუბარი ასევე ბათუმის პორტის მნიშვნელობას და ტვირთების გადაზიდვის საკითხში მის პოტენციალს, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტს შეეხო,რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვას და სატრანსპორტო გადაადგილების მაჩვენებლებს.

►ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ქვედა სილეზიის მარშალთან ცეზარ პრზიბილსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გაიმართება. გარდა ამისა, დაგეგმილია ქვედა სილეზიის ჟურნალისტების მიერ აჭარის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. დელეგაცია საერთაშორისო ტურიზმის გამოფენასაც დაესწრება.

►ქართულ დელეგაციას პოლონეთის რესპუბლიკაში აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერიძე წარმოადგენენ.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები