აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

2019 წლისთვის რეგიონში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები უცვლელი იქნება

07 მაისი, 2018

დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტების განხილვა გაიმართა. შეხვედრას ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა წარადგინა.  

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 413,000  (+4,2%) ლარით გაიზარდოს. 2019 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად ჯამში 10, 177, 800  ლარის დახარჯვა იგეგმება. მიმდინარე წელს,  დეპარტამენტის ბიუჯეტი 9, 764 800 ლარს შეადგენს. 

2019 წლისთვის, აჭარაში შიდა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებში 7, 270, 000 ლარი დაიხარჯება. სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდა შემდეგი წლისთვის 550,000 ლარით (+8,2%) იგეგმება. აქედან, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების 16 სამიზნე ქვეყანაში რეკლამირებისთვის 6, 770, 000 ლარი დაიხარჯება, ქვეყნის შიგნით რეკლამირებისთვის კი 500 000 ლარი. შემდეგი წლისთვის, სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი სატელევიზიო და ონლაინ რეკლამის გაძლიერებაზე გაკეთდება. 
დეპარტამენტი 2019 წელს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 323 000 ლარს დახარჯავს. შემდეგ წელს გაგრძელდება პროექტები „ტურიზმის განვითარების სკოლა“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2019“.  აღნიშნული პროექტები აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას, სერვისის გაუმჯობესებას, წახალისებასა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 2019 წელს, ისევ ამოქმედდება პროექტი „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც დადგინდება რეგიონში მომსახურების ხარისხის დონე. 
2019 წელს, ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც უცხოელი ვიზიტორების კმაყოფილების დონის კვლევასა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 170, 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
დეპარტამენტი 2019 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით 577, 500 ლარს დახარჯავს. სააგენტო შემდეგ წელსაც ჩაატარებს ზაფხულის ფესტივალს, სოფლის ტურიზმისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალებს, ასევე ორგანიზებას გაუწევს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას.  სააგენტო შემდეგ წელსაც გააგრძელებს ეკო და სოფლად არსებული ტურისტული მარშრუტების განვითარებას, ასევე გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ინფოტურებს მთიან აჭარაში. 


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები