უკრაინელი ბავშვები სტუმრად ბათუმში
06 ივლისი, 2018
ბათუმში მეორედ ხორციელდება პროექტი - „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“, რომლის მიზანია, საქართველოსა და უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიის გაღრმავება, უკრაინელი და ქართველი ბავშვების დამეგობრებისა და ომის შედეგად ტრავმირებული ბავშვების ფსიქორეაბილიტაციის მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში უკრაინიდან ბათუმს 10 დღით 21 ბავშვი ეწვია, რომლებმაც დღეს მონაწილეობა მიიღეს შინდისის სკვერში დაგეგმილ ღონისძიებებში. უკრაინელმა ბავშვებმა ჩვენი რეგიონის ომის ვეტარანთა შვილებთან ერთად შინდისის პარკში ყვავილებით შეამკეს მემორიალი.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე და საქართველოში უკრაინის ელჩის პირველი მდივანი ტატიან კოლპანი ესწრებოდნენ. საქართველოში უკრაინის ელჩის პირველმა მდივანმა აჭარის მთავრობას, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და სამადლობელო სიგელები გადასცა.
პროექტში მონაწილე ბავშვები ცხოვრობენ საომარი მოქმედებების ზონაში. პროექტი აჭარის მთავრობის აპარატის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ფონდ „ალილო 2015“-ის ინიციატივითა და ორგანიზებით.