აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჭარა სიახლეებით ხვდება

19 ივნისი, 2019

 
აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ფერადი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. რეგიონი ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება. აჭარაში დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს მთიანი აჭარის საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ახალი განთავსების ადგილები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ.  თუმცა მთავარი სიახლე წელს ბათუმის ტურიზმის „ოსკარია“, რომელიც ქალაქმა, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე წელს მიიღო.

სეზონის განმავლობაში რეგიონის სტუმრები განებივრებულები იქნებიან ისეთი საერთაშორისო ფესტივალებითა და კონცერტებით, როგორებიცაა ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზფესტივალი, მეგა ვარსკვლავების კონცერტებით ბლექსი არენაზე და ტრადიციული კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით.

განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ტურისტულ სეზონს ბათუმის ბულვარი, ბოტანიკური ბაღი და მტირალას ეროვნული პარკი, სადაც ტურისტებისთვის ახალი ტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ ამოქმედდა, ეროვნულ პარკამდე მისასვლელ გზას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება ბათუმის ბულვარს, მოხდა  საპლაჟო ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.  ბოტანიკურ ბაღს კი წელს, ნეკერჩხლების პარტერი და საგანმანათლებლო სკვერი ემატება.

ტურისტული მარშრუტებისა და პროდუქტების განვითარება მიმდინარეობს მთიან აჭარაშიც, სადაც ტურისტებს ყოველწლიურად ახალ ტურისტულ მიმართულებებზე შეუძლიათ იმოგზაურონ. ჯამში, მთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომლებზეც ტურისტების რაოდენობა გასულ წელს 124%-ით გაიზარდა.

წელს, სიახლეა ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხითაც. სოფელ სახალვაშოში, რომელიც აგვისტო-ოქტომბერში ეკოტურისტებსა და ფრინველებზე დამკვირვებლებს მსოფლიოს 25 ქვეყნიდან მასპინძლობს მოეწყო სადამკვირვებლო პლატფორმა თავისი მოსასვენებლებითა და გადასახედით.  ტურისტული ინფრასტრუქტურის მომზადება ასევე, იგეგმება ჭვანას ხეობასა და ჩირუხი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე, სადაც ამჟამად ტურისტული განვითარების კონცეფციის მომზადება მიმდინარეობს. 

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იზრდება ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობაც. 25 ავიაკომპანია ფრენებს რეგიონში 24 ქალაქიდან შეასრულებს. გარდა რეგულარული ფრენებისა ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ემატება ჩარტერული რეისებიც, მათ შორის წელს პირველად ტალინიდან და ვილნიუსიდან.

2018- 2019 წლებში, რეგიონში არსებულ რეგისტრირებულ სექტორს 14 განთავსების ობიექტი შეემატა, რითაც  არსებული საწოლი ადგილები 1,281-ით გაიზარდა და 22, 883 საწოლს ადგილს შეადგენს.
ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებთან ერთად რეგიონის რეკლამირებას  აგრძელებს ისეთი საერთაშორისო მედიასაშუალებებით, როგორებიცაა BBC, Euronews და Deutsche Welle. აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს კი რეგიონში მოგზაურობის შესახებ დეტალურ ინფორმაციებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში მიაწვდიან. ზაფხულის მანძილზე 9 ცენტრიდან ორი - ბათუმის საბაგიროსთან და ბათუმის აეროპორტში ტურისტებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები