აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

კინო ფონდი

27 თებერვალი, 2014

კინო-ფოტო დოკუმენტების განყოფილება აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში შეიქმნა 2008 წელს. მასში თავმოყრილია 19250 შ/ ერთეული, აქედან 9061 კინოდოკუმენტი, 3576 ფოტო და 6613 ფონოჩანაწერი.
 
დოკუმენტური კინოსიუჟეტები (კინოჟურნალები) რომლებიც განყოფილების ფონდსაცავშია დაცული, თარიღდება 1980-1989 წლებით.

დოკუმენტური ფილმების ნუსხაში მოქცეულია ის ფირები, რომლებიც საინტერესო მასალას შეიცავენ საზოგადოების განვითარების ამა თუ იმ საკითხებზე. წარმოდგენილ  კინოპროდუქციაში მრავლადაა ფილმები სამედიცინო თემაზე ("ყურადღება გული", "დრო და მედიცინა", "როგორ დავიცვათ ბავშვი დაავადებისაგან" "სოფლის მცხოვრებთა ჯანმრთელობა").

1986 წელს ჩერნობილის ატომურ სადგურში დატრიალებულ უბედურ შემთხვევას ასახავს დოკუმენტური ფილმები: "ჩერნობილის ზარები", "ჩერნობილის მეხანძრეების გმირობა და მამაცობა".

კოსმოსის მეცნიერულ  კვლევასა და კოსმოსის ათვისების საქმეში მეცნიერული მიღწევებია გადმოცემული დოკუმენტურ ფილმებში: "ინტერკოსმოსის ობიექტები", "კოსმოდრომი ბაიკანური", "ცხოვრება-კოსმოსის გამოვლინება".

გამოჩენილი ადამიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური კადრებია ასახული ფილმებში: "აკადემიკოსი ბ. პეტროვი", "მოგონებები მენდელევზე", "მხატვარი ნიკოლოზ პონომარიოვი", "რომან კარმენი" "მარშალი როკოსოვსკი", "მოთხრობა მარშალ კონევზე" და ა.შ.

არქიტექტურასა და მშენებლობას ეძღვნება ფილმ-ჟურნალის "მშენებლობა და არქიტექტურა" - სხვადასხვა ნომრები.

აჭარის ატონომიური რესპუბლიკის თემატიკაზე შექმნილი კინოდოკუმენტების ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს 1919-1938 წლებს. ფირებზე ასახულია ინგლისელთა ჯარის შემოსვლა ბათუმში 1919 წელს, კადრში არიან საქართველოს რესპუბლიკის ჯარების სარდალი გიორგი კვინიტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ე.გეგეჭკორი, ინგლისელი გენ. კუკ-კოლისი, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელები ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი და ა.შ.

1920 წლით თარიღდება კინოკადრები, რომლებიც ბათუმში II ინტერნაციონალის დელეგაციის სტუმრობას ასახავს. საერთო-სახალხო ზეიმის ფონზე კადრში არიან ფრანგი და  ბულგარელი  სოციალისტები პიერ რენოდელი, სამილ ჰიუსგანსი, II ინტერნაციონალის აღმასრულებელი მდივანი ინგელსი, სწორედ ამ კადრებმა გააცოცხლა დიდი მამულიშვილის მემედ-ბეგ აბაშიძის სახე, რომელიც აჭარის დელეგაციას მიუძღვის და ხვდება საქართველოს ეროვნულ მთავრობას და უცხოელ სტუმრებს.

დოკუმენტურ კადრებშია ასახული 1929 წლის 8 თებერვალს ბათუმში საქართველოს მაჰმადიან ქალთა I ყრილობა, აჭარის  გასაბჭოების 15 წელი, 1923 წელს მდ.  აჭარის-წყალზე ჰესის მშენებლობა, 1932 წელს საბერძნეთში მცხოვრები სომხების ბათუმში ჩამოსვლა, პირველი მაისის დემონსტარცია, რევოლუციის 15 წლისადმი მიძღვნილი ჯარების აღლუმი.

კინოკადრები მოგვითხრობენ 40-იანი წლების ბათუმის ცხოვრებაზე, აცოცხლებენ ბათუმისა და მთლიანად აჭარაში მიმდინარე ისტორიული მოვლენებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების, მრეწველობის  განვითარებას.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის უნიკალურ  ფლორაზე  მოგვითხრობს კინოფილმი "ბათუმის ბოტანიკური ბაღი". გამოჩენილი ადამიანებზე გვიამბობს ფილმები: "აჭარა" და "აჭარა დღეს", რომელიც რამდენიმე ნაწილისაგან შედგება (1977;  1980).

კინოკადრებმა შემოგვინახა 1957 წელს თბილისში ჩატარებული აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადა, ქ.ბათუმში უკრაინის დელეგაციის სტუმრობა (1957). 

მხატრული ფილმები – რომელთა შორისაა ქართველ, რუს და საზღვარგარეთის გამოჩენილი რეჟისორთა კინოშედევრები: "წითელი ეშმაკუნები" (1923), "როცა აყვავდა ნუში", "ბაკულას ღორები", "ღამის ეკიპაჟი", "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", "ერთ პატარა ქალაქში", "ნეილონის ნაძვის ხე", "რაც გინახავს ვეღარ ნახავ", "მაცი ხვიტია", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მამლუქი" "მანანა", "ფატიმა", "დათა თუთაშხია", "მონანიება", "წყნარი დონი ", "ანა პავლოვა", "პეტრე I", "ქალი და მამაკცი ოცი წლის შემდეგ", "ქვიშის კარიერის გენერლები, "შემოდგომა ჩერტანოვოში", "ღამის ილუზია", "პოლიგონი" და ა.შ.

მულტიპლიკაციური ფილმები: "ალისფერი ყვავილი", "თოვლის ზღაპარი", "მფრინავი ხალიჩა" "ბოცმანი და თუთიყუში", "თაგვი", "ზღაპარი ბრიყვ ქმარზე", "ლომი და კატა", "გოგნა და ჯადოაქრი", "ტყის ბრაკონიერები", "მაცდური" და ა.შ.

 

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები