სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1 თებერვლიდან განახლდება
23 იანვარი, 2021
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.

შეხვედრაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რეგიონის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან განახლდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონის მასშტაბით ყველა სკოლაში შექმნილი უნდა იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით უნდა წარიმართოს.

შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.

შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საკანონმდებლო ორგანოების, ასევე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დირექტორებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
იხილეთ გალერეა