ბათუმში კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო
11 თებერვალი, 2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა იწყება.
მშენებლობის ადგილზე – ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და კოლეჯ ,,ბლექსის“ დირექტორ გიორგი გოგიტიძესთან ერთად მიიღო.
პროექტის ფარგლებში აშენდება 560 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა შეკიდული ვიტრაჟული სისტემით, სადაც განთავსდება თეორიული და პრაქტიკული აუდიტორიები, ფაბლაბი, სტუდენტური სივრცე, შეხვედრების ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, არქივი, ბუფეტი, სამედიცინო კაბინეტი და სპორტული დარბაზი. ამასთან, პროექტი 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 17 179 515 ლარს შეადგენს, 2024 წელს დასრულდება.
კოლეჯ „ბლექსიში“ დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების 30 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. მათ შორის – სასტუმრო მომსახურება, სარესტორნო მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, სათავგადასავლო ტურიზმი, მშენებლობის წარმოება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი, ტელეკომუნიკაცია, სამკერვალო წარმოება და სხვა.
კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სუხიტაშვილი და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
იხილეთ გალერეა