ბათუმი საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციას მასპინძლობს
11 სექტემბერი, 2023
ბათუმი საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის ორმოცზე მეტი ქვეყნის კონსულებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
საპატიო კონსულები გაეცნენ აჭარის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონისთვის პატივია აღნიშნული კონფერენციის მასპინძლობა.
,,მოხარული ვარ, რომ ბათუმი მასპინძლობს საპატიო კონსულების საერთაშორისო კონფერენციას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ სწორედ ბათუმი შეირჩა ამ კონფერენციის გამართვის ადგილად. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის, რათა მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ინვესტორი, ბიზნესი. ჩვენი მთავრობა ბევრს მუშაობს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. სტრატეგიული პარტნიორობით ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და ახლა უკვე აზიის ქვეყნებთან, საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა, იყოს კარგი ადგილი ინვესტიციებისთვის და ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
საპატიო კონსულების კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება. დღეისათვის საქართველოს 65 ქვეყანაში 90 საპატიო კონსული ჰყავს. საპატიო კონსულის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პარტნიორ ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის წახალისების თვალსაზრისით.
იხილეთ გალერეა