ბათუმი „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიის მასპინძლობისთვის ემზადება

27 სექტემბერი, 2023

ბათუმი,  ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიებისთვის ემზადება. ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას „World Travel Awards“ საქართველო წელს პირველად, 29 სექტემბერს უმასპინძლებს. დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე სპეციალური შოუ პროგრამით ქართული კულტურა, ხელოვნება, ტრადიციები, ისტორია და სტუმართმასპინძლობა იქნება წარმოჩენილი. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი ესტუმრება, მათ შორის პორტუგალიიდან, გიბრალტარიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან და ნიდერლანდებიდან. აღსანიშნავია, რომ „World Travel Awards“-ს წელს 30 წელი უსრულდება, საიუბილეო გალა ცერემონიას კი ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან, მათ შორის იქნებიან Euronews, BBC-ის, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ის ხელმძღვანელი პირები. 


29 სექტემბერს, ბათუმში გაირკვევა რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად და  რომელი მათგანი აიღებს „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოს. World Travel Awards“-ის ნომინაციებში წელს, ბათუმთან ერთად  ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იქნება წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი, ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწევს კონკურენციას. ბათუმის 10 კონკურენტს შორის კი წელს ვილნიუსი(ლიეტუვა), ლუბლიანა (სლოვენია), ბრაგა (პორტუგალია), მატერა (იტალია) და მლჯეტია (ხორვატია)  წარმოდგენილი. რაც შეეხება ბულვარს, ის ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული. ცნობისთვის, ტურიზმის „ოსკარი“ ბათუმმა პირველად 2019 წელს აიღო. გასულ წელს, კი World Travel Awards “-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“, უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა.


ბათუმში, „World Travel Awards“-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიასთან ერთად გაიმართება საერთაშორისო ტურიზმის ფორუმი. ის დაჯილდოების ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 28 სექტემბერს ჩატარდება. ფორუმის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ისაუბრებენ ორ მთავარ თემაზე - ,,მდგრადი ტურიზმის განვითარება და ინვესტიციები ტურიზმის ინდუსტრიაში“ და „მარკეტინგული და სარეკლამო სტრატეგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა“ (SMEs). 


ღონისძიების სტუმრებისთვის დაგეგმილია რეგიონის და ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ქართული სტუმართმასპინძლობის ჩვენება და პრეზენტაცია. გაცნობითი ტურების ფარგლებში სტუმრებისთვის ჩატარდება საინტერესო ტურები, მასტერკლასები და დეგუსტაციები. მათ ასევე ექნებათ საშუალება გაეცნონ ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. სპეციალურად მათთვის გაიმართება ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის შოუები. პროგრამის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ბათუმის ძველ და ახალ ნაწილს, ბათუმის უნიკალურ ბოტანიკურ ბაღს, VI საუკუნის პეტრას ციხეს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიოს ციხეს, მთიან აჭარას და რეგიონის სხვა ღირსშესანიშნაობებს.


,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე  საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები