რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს?!

12 ივნისი, 2018

აჭარა ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება. რეგიონში ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს მთიანი აჭარის საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ახალი განთავსების ადგილები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ.

საზღვაო ტურისტული სეზონი რეგიონში 3 ივნისს, ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. სეზონის განმავლობაში კი რეგიონის სტუმრები განებივრებულები იქნებიან ისეთი ფესტივალებითა და კონცერტებით, როგორებიცაა ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზფესტივალი, ლეგენდარული ელტონ ჯონის ორ დღიანი კონცერტით ბლექსი არენაზე, ფერების ფესტივალითა და ფოლკლორის დღეებით ბათუმის ბულვარში.

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს კი საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საინტერესო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ. უკვე მიმდინარეობს ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება ხულოს მუნიციპალიტეტეში, სადაც მოგზაურებს 3 დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე მოუწევთ.

  • ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი
  • გოდერძი - მწვანე ტბა - შავი ტბა - დანისპარაულის წრიული მარშრუტი
  • ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი 

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს სრულყოფილ ტურებს უკვე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ბოლო ორ წელში გადამზადებული გიდები შესთავაზებენ. სიახლეა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. განსაკუთრებით ეს ეხება კურორტ გოდერძის, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ჩაუტარდათ, რაც მათ ტურისტებთან კომუნიკაციას გაუმარტივებთ. გარდა ამისა, ხანძართ-უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით ტრენინგები ჩაუტარდა 80-მდე განთავსების ობიექტის 300 თანამშრომელს.

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იზრდება ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობაც. Tav Georgia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჯამში ბათუმის მიმართულებით 22 ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც. სეზონზე ბათუმის მიმართულებით კვირაში საშუალოდ 120-მდე ფრენა იგეგმება.

განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება სეზონს რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი  ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი.

გასული წლის მსგავსად, წელსაც ბულვარში, ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი შშმ პირებზე ადაპტირებული ბილიკებით.

წელს, აჭარაში დასვენების მსურველებს ახალი ტურისტული სერვისიც ელოდებათ. ბათუმის ულამაზესი ხედების ნახვა უკვე შვეულმფრენიდანაც იქნება შესაძლებელი.

სიახლეა განთავსების ობიექტების მხრივაც. გასულ წელს რეგისტრირებულ 429 ობიექტს  9 ახალი შეემატა. კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო „გლორია“ კი ბათუმში ზაფხულის პერიოდში გაიხსნება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ტურისტების მოზიდვის მიზნით 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს. რეკლამა ძირითადად, სატელევიზიო რეკლამას, ონლაინ რეკლამას, პრესს და ინფოტურების ორგანიზებას, გარე რეკლამას და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარმოჩენას ითვალისწინებს.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები