ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი GIMF2018 გაიხსნა

13 სექტემბერი, 2018

ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს “Georgia International Maritime Forum 2018” მასპინძლობს. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა გახსნეს. 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საზღვაო ეკონომიკის მნიშვნელობასა და როლს ქვეყნის განვითარების საქმეში, ასევე მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ინიციატივები, რასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს და ახორციელებს საზღვაო სფეროს განვითარების ხელშეწყობისათვის. 

„ჩვენ, აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მიეცეს უკვე მომავალი წლიდან იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებული არიან საზღვაო ბიზნესით და სერვისის მიწოდებით ამ სექტორში დასაქმებული და მომუშავე კომპანიებისთვის. საზღვაო სექტორში კომპანიები შეძლებენ ნულოვან საგადასახადო რეჟიმში იმუშაონ, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, ისინი შეძლებენ რეკრუტირებას კომფორტულ გარემოში, ამავე დროს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდება სრულად საერთაშორისო სტანდარტებთან“ - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მაღალი რანგის სტუმრებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის, როგორც საქართველოში საზღვაო ცენტრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარიდან დასაქმებულ 11 000-ზე მეტ მეზღვაურს ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამავდროულად, აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს საზღვაო აკადემიისა და საზღვაო მიმართულებით სხვა პროფესიული სასწავლებლებისთვის საჭირო მხარდაჭერას, რაც გამოიხატება სატრენინგო პროგრამების და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის დაფინანსებაში. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ხარისხზე და აღნიშნა, რომ უმაღლესი ხარისხის საზღვაო განათლების ხელმისაწვდომობა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

”ჩვენი რეგიონის მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზღვაო გადაზიდვებსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას საზღვაო ტრანსპორტის სექტორში“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

რიგით მე-2 საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო საზღვაო სფეროსა გავლენიანი პირები და 53-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე მაღალი დონის სტუმარი ესწრება. 

ფორუმი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება და მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვას, ახალი ინიციატივებისა და მათი განხორციელების გზებს დაეთმობა. ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, მათ შორის მეზღვაურთა დასაქმების მიზნით მეზღვაურთა სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების მემორანდუმს გერმანიასა და ხორვატიასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს ამ ქვეყნების გემებზე დასაქმების საშუალებას მისცემს. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმისა და შანხაის საზღვაო აკადემიებს შორის, ასევე სხვა შეთანხმებებს.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები