აჭარაში მყარი ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება

11 აპრილი, 2019

აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება. დღეს პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალურ ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას რეგიონის განვითარებისთვის.

,,დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვა მოხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს პროექტი, ეკოლოგიური მდგრადობის თვალსაზრისით, გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის. შემცირდება ეკოლოგიური რისკები და მყარი ნარჩენების მართვა განხორციელდება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ გვქონდეს 10 წლით შეჩერებული პროექტები. გვჭირდება ეფექტურობა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ იაფი სესხის ფარგლებში გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

მშენებლობის პარალელურად ნარჩენების მართვის ობიექტის ექსპლოატაციისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების დანადგარ-მოწყობილობების შეძენა განხორციელდება. გარდა ამისა, ნაგავსაყრელი პოლიგონის საავტომობილო გზიდან ავტობანზე დაერთების, ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზის მშენებლობა მოხდება.

მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ცეცხლაურის ახალი სანიტარული პოლიგონი, პირველი თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული. პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები